ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოფელი შეიარაღებულია: ექსპერტები ქართულ უშიშროებას გააქტიურებისკენ მოუწოდებენ

რა მოხდა სოფელ კუმურდოში: ანალიზი, დასკვნები და გამოსავალი

რა მოხდა სოფელ კუმურდოში? ექსპერტები და სპეციალისტები ხელისუფლებას   სამცხე-ჯავახეთში არსებული სიტუაციის ანალიზისკენ მოუწოდებენ. „მეტრონომთან“ საუბრისას კონფლიქტოლოგები რეგიონში არსებულ რთულ მდგომარეობაზე და რუსულ გავლენებზე საუბრობენ. მათი თქმით, შაბათს სოფელში მომხდარი ფაქტი და პოლიციაზე მოსახლეობის თავდასხმა საგანგაშო სიგნალს იძლევა. ექსპერტები ხელისუფლებას უშიშროების სამსახურების გააქტიურებას და დამნაშავე პირების მკაცრად დასჯას ურჩევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში სამცხე-ჯავახეთში მსგავს ინციდენტებს არ გამორიცხავენ.

შეგახსენებთ, სოფელ კუმურდოს მოსახლეობასა და პოლიციას შორის ინციდენტი მე-10 საუკუნის ტაძრის რესტავრაციის გამო შაბათს მოხდა. ადგილობრივებმა სოფლის ეკლესიაში შესვლა და ეზოში მდებარე საფლავზე ქვაჯვარის დადგმა სცადეს, რისი საშუალებაც მათ დაცვის პოლიციამ არ მისცა.

მას შემდეგ რაც სიტუაცია უმართავი გახდა ადგილზე პოლიცია, მოგვიანებით კი სპეცრაზმი გამოიძახეს, რასაც ადგილობრივების გაღიზიანება და სამართალდამცავებთან შეტაკება მოჰყვა. სოფელ კუმურდოში ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი, რის შემდეგაც სიტუაცია მალევე განიმუხტა.

დაპირისპირების შედეგად ნაცემია პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი. დაზიანებულია სამართალდამცველების კუთვნილი რამდენიმე მანქანაც. თუმცა ადგილობრივების განცხადებით, თავდაპირველად სოფლის მოსახლეობის ცემა პოლიცამ დაიწყო, რასაც მათი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა მოჰყვა.

დღეს, სოფელ კუმურდოში ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე ადგილზე სიმშვიდეა, თუმცა რამდენ ხანს გაგრძელდება ეს არავინ იცის. სადაო ქრისტიანული ტაძარი და მისი ისტორიაა. ქართველი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ნაგებობა უდავოდ ქართულია, რაზეც წარწერებიც მეტყველებს და იქ შესაბამისი რესტავრაციაც მიმდინარეობს ტაძრისა და ღვთისმსახურების აღსადგენად.

სოფელში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას კი არ აინტერესებს რას ფიქრობენ ქართველი მეცნიერები და დარწმუნებულები არიან, რომ ტაძარი სომხურია და სარესტავრაციო სამუშაოების დროს ნაპოვნი ძვლები თურქული გენოციდის მსხვერპლ სომეხ წინაპრებს ეკუთვნით.

“თუ არ მოგვცემენ ჯვრის დადგმის საშუალებას, აქ მოხდება ომი. რესტავრატორები ჩვენი წინაპრების  ნეშთებს პატივს არ სცემენ. ტომრებში ჩაყარეს ჩვენი ბაბუების და მამების ძვლები”,- აცხადებენ ადგილობრივები.

კონფლიქტოლოგი და კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ კუმურდოში განვითარებულმა მოვლენებმა, რეგიონში არსებული საფრთხეები დაგვანახა. მისი თქმით, სამცხეთ-ჯავახეთში საბჭოთა კავშირის დროს, რუსული ბაზა მდებარეობდა და ნატოს სახელმწიფოს თურქეთს ესაზღვრებოდა, ამიტომ ეს რეგიონი ჩაკეტილი იყო და ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიას  სრულად იყო მოწყვეტილი.

ამან კი ეთნიკურად სომეხი ეროვნების მოსახლეობა საქართველოს დანარჩენი მოქალაქეებისგან იზოლირებულ მდგომარეობაში მოაქცია. კვახაძის განცხადებით, ამ ყველაფერს თან სამცხე-ჯავახეთში რუსული სპეცსამსახურების ორგანიზებული ქსელის არსებობა ართულებდა, რომლის ფესვებიც მისი აზრით, დღესაც არსებობს.

კონფლიქტოლოგის თქმით, 2004 წლიდან ქართულმა სპეცსამსახურებმა სწორედ ამ ქსელების აღმოსაფხვრელად მუშაობა დაიწყეს. ეს გამოიხატებოდა მოსახლეობიდან დიდი რაოდენობით  იარაღის ამოღებით, რომელიც რუსული ბაზებიდან იყო დატოვებული. კავკასიოლოგის თქმით, სპეცსამსახურების მუშაობა კი ვახან ჩახალიანის და მისი ქსელის დაკავებით დაგვირგვინდა, რომელიც პირდაპირ მოსკოვიდან, რუსული სპეცსამსახურებიდან კონტროლდებოდა.

კვახაძე „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ მის გათავისუფლებას დაუშვებელ  შეცდომად აფასებს. მისი აზრით, ახლა ქართულმა სპეცსამსახურებმა რეგიონში ყურადღება მოადუნეს, რისი ნათელი მაგალითიც სოფელ კუმურდოში განვითარებული მოვლენებია.

„თბილისი-ახალქალაქის გზის რეკონსტრუქციამ, ბაქო-ყარსის რკინიგზის მშენებლობამ, საგანმანათლებლო პროგრამებმა, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკუარად სომეხი ეროვნების ადამიანებს საშუალება მისცა, რომ საქართველოს დანარჩენ რეგიონებთან ადაპტირება მომხდარიყო.

თუმცა, 2012 წლის შემდეგ, ვახან ჩახალიანის გათავისუფლებამ და ქართული სპეცსამსახურების კონტროლის შესუსტებამ, გამოიწვია, ის რომ ადგილობრივი საკრებულოები, ვგულისხმობ ნინოწმინდას და ახალქალაქის საკრებულოებს, ღიად მოუწოდებენ ოფიციალურ თბილისს, თურქების მიერ სომხების გენოციდი აღიარონ, რაც აქამდე წარმოუდგენელი იყო.

რაც შეეხება სოფელ კუმურდოში არსებულ სიტუაციას, იქ მომხდარმა ფაქტმა დაგვანახა, რომ ქართული სახელმწიფო სუსტია. თუნდაც საყოფაცხოვრებო ფაქტმა რეგიონალური მასშტაბის შეტაკება გამოიწვია. დავინახეთ, რომ ქართულ სპეცსამსახურებს, ასეთი ლოკალური დონის კონფლიქტების ჩახშობა უჭირს. წარმოდგენაც არ მინდა იმის, რა შეიძლება მოხდეს, თუ ამან უფრო დიდი მასშტაბი მიიღო“, – ამბობს „მეტრონომთან“ კვახაძე.

კვახაძის განცხადებით კუმურდო მიუხედავად იმისა, რომ ვარძიასთან ახლოს მდებარეობს საკმაოდ იზოლირებული სოფელია.

კონფლიქტოლოგის აზრით, იმის ნაცვლად, რომ ტაძრის რესტავრაცია ადგილობრივებს დადებითად აღექვათ და კუთხის განვითარებისთვის დადებით კონტექსტში განეხილათ, საკმაოდ უარყოფითი დამოკიდებულება გაუჩნდათ. ამის მიზეზად კი კვახაძე ხელისუფლების მხრიდან არასწორ ინფორმაციას აბრალებს. მის აზრით, სახელმწიფომ ეს ფაქტი სათავისოდ ვერ გამოიყენა.

„ჯავახეთის რეგიონში, რამდენიმე ათასი ადამიანი რუსულ ბაზებზე იყო დასაქმებული. შესაბამისად, მათ რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირი ჰქონდათ. ეს ადამიანები არსად არ წასულან და კვლავ იქ არიან. რუსეთის სპეცსამსახურებს, როცა დასჭირდებათ ამ ადამიანების გააქტიურება ნებისმიერ დროს შეუძლიათ. ამიტომ, ქართულმა სახელმწიფომ რეგიონში იარაღის ამოღებაზე უნდა იზრუნოს. ამ რეგიონში, რომ იარაღია დალექილი, ეს ყველამ იცის.

ასევე აუცილებელია მოსახლეობის ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება. პირველი უნდა მოხდეს ბაქო-ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის დასრულება, რათა უფრო მეტმა ტვირთმა იმოძრაოს და მეტი ადამიანი დასაქმდეს. შემდეგ კი უნდა გაძლიერდეს საგანმანათლებლო პროგრამები. გარდა ამისა, ადგილობრივ სკოლებში თუ ბაღებში ქართული ენის სწავლება უნდა გაძლიერდეს. ასევე ფარავანის ტბაზე სათხილამურო კურორტის  მშენებლობა აღდგეს. კუმურდოს ვარძიაზე მიბმა უნდა მოხდეს, რათა ადგილობრივებს ტურისტებთან და საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია ჰქონდეს. სხვაგვარად რეგიონში სიტუაცია ძალიან სავალალო იქნება“, – ამბობს კვახაძე „მეტრონომთან“.

კავკასილოგი მამუკა არეშიძე „მეტრონომთან“ აცხადებს, რომ სამცხე-ჯავახეთში კუმურდოს მოსახლეობისგან განსხვავებით, საქართველოს სახელმწიფოს მიმართ მსგავსი უარყოფითი განწყობები არ არსებობს. მისი აზრით, რა თქმა უნდა, რუსული სპეცსამსახურები რეგიონში ყოველთვის მუშაობდნენ და კვლავაც მუშაობენ. ამიტომ ამ კუთხით ქართულმა ძალოვანმა სტრუქტურებმა ყურადღება არ უნდა მოადუნონ.

არეშიძის თქმით, სააკაშვილის ხელისუფლების დროს, მერაბიშვილი რეგიონს ერთი მხრივ ზეწოლის და რეპრესიების ხარჯზე იჭერდა, მეორეს მხრივ კი ადგილობრივი ბიზნესმენების მეშვეობით მოსახლეობას აკონტროლებდა, რომლებიც მოსკოვში მოღვაწეობდნენ. არეშიძე ამბობს, რომ რუსეთს თუ სამცხეთ-ჯავახეთში სიტუაციის არევა უნდა, ის ამას აქამდე მოახერხებდა, თუმცა, ამაში ხელს სომხეთი არ შეუწყობს. კავკასიოლოგის აზრით, პრაგმატული და პირადი მოსაზრებების გამო, თავად ოფიციალურ ერევანს არ აწყობს რეგიონში სიტუაციის გამწვავება, რადგანაც სომხეთი სამცხეთ-ჯავახეთის ჩაკეტვით, იზოლაციაში მოექცევა. ეს კი მათი შიმშილით სიკვდილის ტოლფასია. თუმცა, არეშიძე ფიქრობს, რომ ეს სიმშვიდის საშუალებას  არ გვაძლევს და ქართულმა სპეცსამსახურებმა უფრო აქტიურად უნდა იმუშაონ. მისი თქმით, კუმურდოს ინციდენტში მინაწილე პირები მკაცრად და სამაგალითოდ უნდა დასაჯონ, რომ პოლიციაზე ხელის აღმართვა აღარ განმეორდეს.

„სოფელ კუმურდოში დაძაბულობა წლებია არსებობს. ამის მიზეზი კი ეკლესიაა, რომელსაც საკუთარი კულტურის ძეგლად თვლიან. ვიღაცამ ქართულ-სომხური დაძაბულობის კერის შესაქმნელად, ამ ხალხს თავში ჩაუდო, რომ კედლებზე ამოტვიფრული ქართული დამწერლობა სომხურია. საბჭოთა პერიოდის დროსაც კი ამ ძეგლის შესწავლა და რესტავრაცია საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. სააკაშვილის დროს მასზე ხელის შეხებას ერიდებოდნენ, მაგრამ ახლა სიტუაცია ძალიან სავალალოა და ძეგლი სასწრაფოდ რესტავრაციას საჭიროებს.

კუმურდოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მემგონი ბევრი დამეთანხმება, რომ სახელმწიფო ამ შემთხვევაში მართალია და ეკლესიაში ადგილობრივების თვითნებობა არ უნდა დაუშვას. ეს სოფელი საბჭოთა კავშირის დროს, ყველაზე კარგად შეიარაღებული სოფელი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ კუმურდოს მოსახლეობასთან დაკავშირებით გარკვეული რუსული ძალები მუშაობენ. ეს გასაკვირიც არ არის, რადგანაც აქ რუსული სპეცსამსახურების საკამოდ ძლიერი ქსელი არსებობდა. ამიტომ ქართულ სპეცსამსახურებს ყუარდღებისკენ მოვუწოდებ“, – ამბობს არეშიძე „მეტრონომთან“

მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს, არსებობდა ტელეკომპანია „პიკი“, საიდანაც სამცხეთ-ჯავახეთის მოსახლეობა ინფორმაციას იღებდა. მისი დახურვის შემდეგ კი ამ ხალხის ალტერნატიული ინფორმაციის მიღების წყარო, რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები გახდა. არეშიძე ამ კუთხით ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ სამცხეთ-ჯავახეთის მოსახლეობისთვის მსგავსი მედიასაშუალება შექმნას, რადგანაც ადგილობრივები ქვეყანას სრულად არ მოწყდნენ.

ავტორი: ელზა პაპოშვილი 

 

იტვირთბა....