ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში დაპირისპირების მიზეზი ცნობილია. როგორც ადგილობრივი გამოცემა jnews-ი იტყობინება, არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივმა სომეხი ეროვნების მოსახლეობამ ქვაჯვრების დადგმის მიზნით, მე-10 საუკუნის ტაძრის ეზოში შესვლა სცადა. ისინი ტაძრის რესტავრაციას ეწინააღმდეგებიან.
აღნიშნული ტაძარი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, იმყოფება კულტურის სამინისტროს ბალანსზე და მას იცავს დაცვის პოლიცია.
თავდაპირველად დაპირისპირება დაცვის პოლიციასა და ადგილობრივებს შორის დაიწყო, რის შემდეგაც დაცვის პოლიციამ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავების მისვლის შემდეგ, ტაძართან შეკრებილებმა პოლიციას ქვები ესროლეს, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა, ზოგიერთმა მათგანმა თავის არეში მიიღო დაზიანება. დაშავებულთა შორის, სავარაუდოდ, ადგილობრივებიც არიან.
ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იმყოფება. ის ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და ამ წუთებში დაშავებული პოლიციელების მოსანახულებლად იმყოფება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე ჩავიდა. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე ადგილზე სიმშვიდეა და მიმდინარეობს ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები.
“ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ აქ ქვაჯვარი არ დაიდგმება. მოიძებნება სპეციალური ადგილი, სადაც შეძლებენ ჯვრის დადგმას. ჩვენ ვრჩებით აქ და ვაკვირდებით სარესტავრაციო სამუშაოებს”,- განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, რომელიც ამ წუთებში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება.