ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ცენტრ პოინტი”  გაიყიდა, თუმცა მყიდველის ვინაობას ჯერ ვერ დავასახელებ”

გუკა რჩეულიშვილის განცხადებით, კომპანია “ცენტრ პოინტი”  გაიყიდა. რჩეულიშვილი მყიდველის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ უკვე დაწყებულია კომპანიის გადაბარების ტექნიკური პროცესი. მისი თქმით, ჯერჯერობით მყიდველს არ სურს ვინაობის გამხელა, თუმცა საზოგადოება მის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით მაინც შეიტყობს.

მისი აზრით, ასეთი დიდი გარიგება საქართველოში ჯერ არ ყოფილა. რჩეულიშვილის თქმით, კომპანიის გაყიდვის მთავარი მიზანი, დაზარალებულების დაკმაყოფილება და აქედან გამომდინარე მაიასა და რუსიკოსთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაა.

“სამუშაო მოცულობითია და რამდენ ხანში მოხდება ეს ყველაფერი, ვერ გეტყვით…მყიდველი გადაიბარებს ყველა დაზარალებულის დაკმაყოფილების ვალდებულებას და ჩვენ  დაზარალებულების ინტერესების დაცვას მყიდველთან აუცილებლად ვაპირებთ”, – განუცხადა რჩეულიშვილმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, “თაბუკაშვილი 88“-ის გარშემო თითქმის ოთხწლიანი სასამართლო პროცესი 2017 წლის 31 მარტს დასრულდა. რუსუდან კერვალიშვილი დარბაზიდან ციხეში გადაიყვანეს. მის მსგავსად 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მაია რჩეულიშვილსაც, რომელიც საცხოვრებელ კომპლექს “მაგნოლიას” ეპიზოდზე თვეები წინასწარ პატიმრობაში იყო. მენაშენეების კუთვნილი თანხების მითვისების და თაღლითურად დაუფლების ნაწილში ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. საუბარია ჯამში თითქმის 5-მილიონნახევარ დოლარზე და 20 მილიონ 700 000-მდე ლარზე.

პროკურატურამ, ყველა დაზარალებულის დაკმაყოფილების სანაცვლოდ, საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად მზადყოფნა მაშინვე გამოთქვა. როგორც პროკურორმა განაცხადა, ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება იმ პირობით გაფორმდება, თუ ისინი ყველა დაზარალებულს ზიანს აუნაზღაურებენ და ყველა ობიექტის მშენებლობას დაასრულებენ.

იტვირთბა....