ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქართული ოცნების” სიის მეათე ნომერს პარტიიდან რიცხავენ

“გურია ნიუსის” მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 22 დღით ადრე, “ქართული ოცნების” ჩოხატაურის პროპორციული სიის მეათე ნომერს  მაია პაიჭაძეს პარტიიდან რიცხავენ.

“გურია ნიუსის” ინფორმაციით,  აღნიშნული გადაწყვეტილება ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო წილოსანმა და გურიის გუბერნატორმა  მერაბ ჭანუყვაძემ , გუშინ, დეპუტატობის კანდიდატებთან გამართულ შეხვედრაზე გააჟღერეს.

შეხვედრაზე, რომელსაც თავად პაიჭაძე არ ესწრებოდა, ის ღია წერილი განიხილეს, რომელიც ამ უკანასკნელმა, რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელს,  მერობის კანდიდატს ირაკლი კუჭავას უნიათობასა და კანონდარღვევაში დასდო ბრალი.

ამავე წერილში პაიჭაძე აღნიშნავს, რომ ის მეათე ნომრად განწესებას არ იმსახურებდა:

“მერობის ასეთ კანდიდატს, რომელიც მოცემული პარტიული სიით აპირებს მომდევნო ოთხი წელი მართოს მუნიციპალიტეტი, ნამდვილად არ იმსახურებს ჩოხატაურის საზოგადოება, რომელსაც მაღალი პოლიტიკური კულტურა აქვს და მე ვუთანაგრძნობ იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ირაკლი კუჭავას მერობის კანდიდატად დასახელებით მნიშვნელოვნად აზარალეს “ქართული ოცნება”,- წერს პაიჭაძე.

“ქართული ოცნების” ჩოხატაურის ორგანიზაციაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ პაიჭაძე გუნდის წინააღმდეგ წავიდა და პარტიაში ყოფნას არ იმსახურებს, თუმცა, კონკრეტიკაზე საუბარს თავს არიდებენ.  “გურია ნიუსის” ინფორმაციით,  ამ კვირაში უნდა მოხდეს პაიჭაძის პარტიიდან გარიცხვა.

წყარო: “გურია ნიუსი”

იტვირთბა....