რამდენიმე დღის წინ, დათა ახალაიას ადვოკატის, ირაკლი ზაქარეიშვილის მიერ ფეისბუქ გვერდზე სანდრო გირგვლიანის ფოტოების გამოქვეყნებას, გირგვლიანის დეიდა მაია ენუქიძე ეხმაურება. ენუქიძე ადვოკატს მოუწოდებს შეწყვიტოს მისი დიშვილის ფოტოების გამოქვეყნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ ქცევაზე პასუხს აღარ აგებს. მისი თქმით, ის ზაქარეიშვილს სასამართლოში უჩივლებს. ახალაიას ადვოკატი, აცახდებს, რომ სანდრო გირგვლიანი არ უწამებიათ და მას სხეულზე მიღებული დაზიანებები გარდაცვალების შემდეგ აქვს მიღებული.
„რომ ამბობს გარდაცვალების შემდეგ აქვს დაზიანებები მიყენებულიო, ვინ აწამა სანდრო ტყეში, მგლებმა თუ ტურებმა? ზაქარეიშვილი ადვოკატია და სხვას რას იტყვის? ეგ დეგრადირებული ტვინის პატრონია. მოკლული სანდროს ფოტოები, რომ გამოფინა, აქვს ამისი უფლება? მაგ საცოდავს ურჩევნია, დაასვენოს სანდროს და ირინას სული, თორემ პირადად გავუსწორდები და იმ ჯარიმას, რაც იქნება, როგორმე გადავიხდი. სასწრაფოდ შეწყვიტოს სანდროს ფოტოების გამოფენა! რას ნიშნავს, მერე აწამეს! და ვინ აწამა -18 გრადუსში, პასუხი თუ აქვს? იმედი მაქვს, ამ ძალად ადვოკატს მოსამართლე და პროკურორი გასცემენ პასუხს.
თავის დროზე რამდენი ექსპერტიზა ჩატარდა და ახლა დაადგინა სიმართლე?! ალბათ, ძალიან დიდი ფული აქვს აღებული და როგორმე უნდა, დამნაშავე გაამართლოს. მოასვენოს გარდაცვლილთა სულები! აღარ ვნახო, კიდევ გამოფინოს ფოტოები, თორემ ვუჩივლებ, გოგი და გურამი ( სანდროს ბიძა და მამა) ჩამოვლენ და მივხედავთ ამ საქმეს. რამდენი ფულიც უნდა აიღოს, ეს ვითომ ადვოკატი ვერასდროს გაამართლებს ამ სულით მახინჯებს, რადგან საქართველოშიც და სტრასბურგშიც ნათქვამი, რომ ისინი დამნაშავეები არიან.
ეგენი ციხიდან უნდა გამოეშვათ კი არა, სანდროს მწამებლებიც და ბრძანების გამცემებიც სამუდამო პატიმრობაში უნდა დაეტოვებინათ. ეს ფოტოები ექსპერტებმა კი არა, არაპროფესიონალებმაც რომ ნახონ, რა დიდი მიხვედრა უნდა, რომ ეს კაცი ფანტაზიორობს. წელიწადში ერთხელ ამოიდგამს ხოლმე იმ გველის ენას და ახალაიებს და “ნაცხროვას” ამართლებს. ეს ადამიანი ბევრს იღებს თავზე! იმედი ხომ არ აქვს, რომ ისევ „ნაციონალები” გაძვრებიან? რაც „ოცნებამ” ვერ მოახერხა, ამას ხალხი მოახერხებს და ქუჩაში გაუსწორდებიან ამ სატანებს!” -აცხადებს მაია ენუქიძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.
შეგახსენებთ, ადვოკატიმა ირაკლი ზაქარეიშვილმა სანდრო გირგვლიანის ახალი ფოტოები რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. მისი თქმით, გირგვლიანი სიკვდილის შემდეგ სასტიკად არის ნაწამები, რასაც ის დაზიანებები მოწმობს, რომელიც სხეულზე აქვს მიყენებული.