“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა ადა მარშანიმ მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტზე ბათუმში გამართულ მიტინგზე ისაუბრა.
“ოკუპანტ ქვეყანას უნდა ესაუბრო, იმას უნდა ესაუბრო, ვინც წაგართვა. მოსკოვში ჩასვლის გარეშე ჩვენ სოხუმში და ცხინვალში ვერ დავბრუნდებით”. – განაცხადა მარშანიამ.
“მივდივართ პირველ ოქტომბერს, გვაქვს მნიშვნელოვანი შეხვედრები. სოხუმსა და ცხინვალზე ვისაუბრებთ. ხანგრძლივი საუბრები გველის წინ. მოსკოვში ჩასვლის გარეშე ჩვენ სოხუმში და ცხინვალში ვერ დავბრუნდებით. დიახ, ოკუპანტ ქვეყანას უნდა ესაუბრო, იმას უნდა ესაუბრა ვინც წაგართვა, ვინ გააკეთებს ამას ჩვენს გარდა. აღშფოთდება ევროპა და ამერიკა – დიდი მადლობა მათ ამისთვის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენი ორჯერ ჩასვლით მცოცავი ოკუპაცია არ შეჩერდება, მაგრამ გვექნება მძიმე და მწარე საუბარი და არცერთი თემა არ იქნება ტაბუდადებული. ამჯერად, გარდა სახელმწიფო დონის დეპუტატებისა, ფედერაციის საბჭოს დეპუტატებსაც შევხვდებით”, – ამბობს ადა მარშანია.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, მოთხოვნები უცვლელია და ის, როგორც სოციალურ, ასევე პოლიტიკურ პრობლემებს შეეხება. ინაშვილი სოციალურ მოთხოვნებში საბანკო კრედიტებსა და სოციალური დაახმარების აღდგენას, პოლიტიკურში კი, ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებს ასახელებს.
შეგახსენებთ, “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლები თავიანთ ინიციატივით, უკვე მეორედ მიდიან მოსკოვში დუმის დეპუტატებთან შესახვედრად.