“სააკაშვილი ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს. მისი თქმით, ის იბრძვის არა მხოლოდ დემოკრატიისთვის უკრაინაში, არამედ საქართველოს დემოკრატიისთვისაც. ის იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინული პროცესების პარალელურად, შეძლებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლას” – აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე “კვირის პალიტრასთან”.
ექსპერტის თქმით, თუ სააკაშვილის სვლა უკრაინაში წარმატებით გაგრძელდა, ის რამდენიმე პროცენტით, არა მნიშვნელოვნად, მაგრამ მაინც, შეიძლება გაზარდოს “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი, რაც აისახება არჩევნებზე.
“თუ სააკაშვილის ექსტრადირება მოხდება საქართველოში ეს, სავარაუდოდ, სულ მცირე, ქართველი საზოგადოების პოლარიზებას გამოიწვევს, შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეც აღმოვჩნდეთ. სააკაშვილის საქართველოში ნებისმიერი ფორმით ყოფნა, ექსტრადირება, ციხეში ჩასმა თუ თავისუფლება დღევანდელი ხელისუფლებისთვის დიდ პრობლემად იქცევა. ასეთ ვითარებაში ჩვენი ხელისუფლებისთვის ყველაზე ოპტიმალური სტატუს-კვო ის არის, რომ სააკაშვილმა საქართველოსკენ არ გამოიხედოს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად წარმატებულად გაართმევს თავს სააკაშვილი ნომერ მეორე მისიას უკრაინაში. ამაზე იქნება დამოკიდებული არა მხოლოდ მისი, როგორც პოლიტიკოსის მომავალი, არამედ ორი ისეთი ქვეყნის მომავალიც, როგორიც არიან უკრაინა და საქართველო”-აცხადებს ლაგაზიძე.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინის სხვადასხვა რეგიონში შეხვედრებს მართავს და კიევში საპროტესტო აქციებს აანონსებს.