ახალი ამბები მთავარი სამართალი

ცესკო: ოზურგეთის #6 საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში კარია შემტვრეული

ოზურგეთის #6 საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში შემტვრეულია კარები, დაზიანებულია ინვენტარი და ჩამოხეულია ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია (კედლის სია), – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაშია ნათქვამი.

ცესკო-ს ცნობით, შემთხვევა წუხელ მოხდა. ადგილზე შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს.

„ზემოაღნიშნული ინციდენტი არ იქონიებს ზეგავლენას საუბნო საარჩევნო კომისიის ყოველდღიურ საქმიანობაზე; დაზიანებული კედლის სია განკუთვნილია ამომრჩევლებისთვის, რომ მათ საკუთარი მონაცემები გადაამოწმონ; საარჩევნო ადმინისტრაცია უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსიის ხელახლა განთავსებას კომისიაში და მოქალაქეები კვლავ შეუფერხებლად შეძლებენ საკუთარი მონაცემების გადამოწმებას.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა ორი დღის წინ გარდაბნის #31 საუბნო საარჩევნო კომისიაშიც დაფიქსირდა. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია ასეთი ძალადობრივი ქმედებები და იმედს იტოვებს, რომ აღნიშნული ინციდენტები წარმოადგენს იზოლირებულ, დაუგეგმავ ერთეულ შემთხვევებს და არ მიიღებს საარჩევნო პროცესის დამაზიანებელ სისტემურ ხასიათს“, – ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.

ოზურგეთის საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

იტვირთბა....