ვაშინგტონი-ფხენიანის დაპირისპირებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი საბავშვო ბაღში ბავშვების ჩხუბს ადარებს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის შემაჯამებელ პრეს კონფერენციაზე გააკეთა.
სერგეი ლავროვმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა აშშ-ის წინა ადმინისტრაცია. მან ვაშინგტონისა და მოსკოვის ურთიერთობების ცივი ომის დამთავრების შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაყვანაც, ობამას ადმინისტრაციას დააბრალა.
„რუსულ-ამერიკული ურთიერთობები ზარალდება არა იმიტომ, რომ კონფლიქტები არსებობს, არამედ იმის გამო, რომ წინა ადმინისტრაცია მოიქცა, როგორც მეწვრილმანე და შურისმაძიებელი და ჩადო შენელებული მოქმედების ეს ნაღმი რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში,“ – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დონალდ ტრამპის მიერ ჩრდილოეთ კორეის მისამართით გამოთქმულ მუქარას მიუღებლად მიიჩნევს.
სერგეი ლავროვს თითქმის ერთსაათიან პრესკონფერენციაზე არცერთხელ არ უხსენებია საქართველო და უკრაინა. მას ასევე, კომენტარი არ გაუკეთებია გაეროს წევრი ქვეყნების ლიდერების გამოსვლასთან დაკავშირებით, როდესაც რუსეთი მეზობლების მიმართ სამხედრო აგრესიაში დაადანაშაულეს.