ე.წ. ციანიდის საქმეზე, საქართველოს პროკურატურა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, კვალიფიკაციის ნაწილში, კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს – ამის შესახებ პროკურატურაში “მეტრონომს” განუცხადეს.
პროკურატურაში განმარტავენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 05 სექტემბერს განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ბრალდებული გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18.108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განუსაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
იმის გათვალისწინებით, რომ გ. მამალაძეს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), საქართველოს პროკურატურა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, კვალიფიკაციის ნაწილში, კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
როგორც ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა “მეტრონომს” განუცხადა, მოსამართლის აღნიშნულ გადაწყვეტილებას ადვოკატებიც მომავალ კვირას გაასაჩივრებენ.
რამიშვილმა მოსამართლის მიერ, ადვოკატებისთვის გადაცემული ბრალის სამოტივაციო ნაწილის განმარტება გააცნო, სადაც, როგორც მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა წერია შემდეგი:
„სასამართლომ დეტალურად იმსჯელა დანაშაულის მოტივთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ მკვლელობას ბრალდებული გიორგი მამალაძე ამზადებდა შურისძიების მოტივით, რომლის დამაფუძნებელიც შორენა თეთრუაშვილზე განაწყენება გახდა“ .
შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას 5 სექტემბერს, პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის, შურისძიების მოტივით, 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.