აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“აშშ-ში აღმოვაჩინე, აკადემიური წრეები აზრზე არ არიან,  “ბორდერიზაციის” პროცესზე”

ექსპერტი კორნელი კაკაჩია „მეტრონომთან“ ამბობს, რომ „ბორდერიზაციამ“ შესაძლოა ხელახალი ომის პროვოცირება გამოიწვიოს და ქართულმა მედიამ ამაზე ყურადღება უნდა გაამახვილოს. ამ კუთხით ზუსტი კვლევები და ანალიზია საჭირო…

საერთაშორისო ექსპერტი კორნელი კაკაჩია „მეტრონომთან“ საუბარში ამბობს, რომ ამერიკაში აკადემიურ წრეებში რუსეთის მხრიდან, საქართველოს ტერიტორიის მცოცავი ოკუპაციის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ.

მისი თქმით, ის ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში კონფერენციაზე იმყოფებოდა, სადაც პოსტსაბჭოთა ქვეყნების სპეციალისტები იმყოფებოდნენ. მისი თქმით, ისინი რეგიონში ცნობილი მკვლევარები არიან.

კაკაჩიას განცხადებით, წესით ამ ადამიანებს, საქართველოში ე.წ. ბორდერიზაციის შესახებ სრული ინფორმაცია უნდა ჰქონოდათ, თუმცა აღმოჩნდა, რომ მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. ექსპერტის განცხადებით, მათთვის საქართველო-რუსეთის კონფლიქტი გაყინულია და სიტუაცია ძველ სტატუს-კვოს არის დაბრუნებული.

„ამერიკაში გამართულ კონფერენციაზე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩვენს წვენშივე ვიხარშებით და საქართველო-რუსეთის პრობლემა საზღვრებს ვერ ცდება. ჩვენ როცა ინფორმაციის ნაკლებობაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს არ ვგულისხმობ. აქ აკადემიურ და სამეცნიერო წრეებზე ვამბობ, ადამიანებზე, რომლებიც რეგიონის საკითხებზე მუშაობენ.

 

 

რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია, რადგანაც ეს ხალხი სწორედ ასეთი კონფლიქტების მკვლევარები არიან. საქართველოს მიმართ ყურადღების ნაკლებობას უკრაინის თემით ვხსნი. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა იმდენად გადაფარა საქართველოს საკითხი, რომ თითქოს დასავლეთის და ევროპის დღის წესრიგიდან ჩვენი ქვეყანა მოიხსნა.

რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი მაინც გაყინულად მოიაზრება და ყველას ჰგონია, რომ სიტუაცია დასტაბილურებულია და აქ აღარაფერი ხდება. ამ დროს კი, ყოველდღე, საზღვრის გადმოწევის პროცესი მიმდინარეობს.“, – ამბობს კაკაჩია „მეტრონომთან“.

მისი თქმით, მეორე პრობლემა ამ თემაზე პუბლიკაციების არქონაა. კაკაჩიას აზრით, დასავლური მედია იმდენს არ წერს, რაც საქართველოს მიმართ ყუარდღებას გაზრდიდა. საქართველოს მედიის პრობლემად კი ექსპერტი ე.წ. ბორდერიზაციის თემაზე აკადემიურ დონეზე პუბლიკაციების არარსებობას ასახელებს.

მისი აზრით, არ კეთდება ზუსტი აქცენტები იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც შესაძლოა მცოცავმა ოკუპაციამ გამოიწვიოს. კაკაჩიას აზრით, ე.წ. ბორდერიზაციამ ხელახალი ომის პროვოცირება შეიძლება გამოიწვიოს და ქართულმა მედიამ ამაზე ყურადღება უნდა გაამახვილოს. ამ კუთხით ზუსტი კვლევები და ანალიზია საჭირო.

აღსანიშნავია, რომ კაკაჩია ამ პრობლემაზე აღშფოთება რამდენიმე დღის წინ, საკუთარ ფეის-გვერდზე გამოხატა, რაც გახდა კიდეც იმის მიზეზი, რის გამოც „მეტრონომმა“ მასთან დაკავშირება გადაწყვიტა:

„არასასიამოვნო დაკვირვება… რამდენიმე დღის განმავლობაში, ამერიკაში ყოფნისას, ჩემდა გასაკვირად აღმოვაჩინე, რომ აკადემიური წრეები აზრზე არ არიან, ან ძალიან ცოტა რამ იციან რუსეთის მიერ წარმოებულ “ბორდერიზაციის” პროცესზე. ბუნებრივია ეს არ ეხება ექსპერტთა ვიწრო წრეს ვინც უშუალოდ საქართველოზე მუშაობს. არადა რატომღაც, ეს თემა “გადაღეჭილი” და მათთვის ოდნავ მომაბეზრებელიც მეგონა…“ – წერდა კაკაჩია.

იტვირთბა....