უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს, რომელიც 22 სექტემბრისთვის გადაიდო, BBC ვრცელ სტატიას უძღვნის. BBC-ის შეფასებით, სააკაშვილს თავისუფლად შეუძლია ეს სასამართლო პროცესი მის აქტივში პოზიტივად მიითვალოს. გამოცემის ინფორმაციით, მოსამართლე იური ბელოუსმა თითქმის ყველა შენიშვნა და წინადადება გაითვალისწინა, რომელიც ოდესის ყოფილი გუბერნატორის დაცვის მხრიდან იყო წარმოდგენილი.
“მოსამართლე აშკარად ლოიალური იყო სააკაშვილის მიმართ და თითქოს ეშინოდა რაიმე შენიშვნა მიეცა მისთვის. თითქოს, სააკაშვილის განცხადებები პოროშენკოზე, რომ ის არის ხელისუფლების უზურპატორი, მოსამართლეს ავიწროვებდა. როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი სასამართლო პროცესი სააკაშვილმა მისი ჩვეული პიარის მანერით კარგად გამოიყენა” – წერს გამოცემა.
სასამართლოს წინ სააკაშვილის წინააღმდეგ აქციაც მიმდინარეობდა, ისინი სკანდირებდნენ – “მიშა წადი საქართველოში”. ოდესის ექს-გუბერნატორმა პროცესზე აღნიშნა, რომ ისინი აქ უკრაინის მთავრობამ გამოაგზავნა. ადგილობრივები არ უარყოფდნენ, რომ აქციის მონაწილეებს შორის ადგილობრივი სოფლების მაცხოვრებლები შენიშნეს. იქვე იყვნენ ასევე სააკაშვილის მომხრეებიც და მათ შორის მცირე კამათსაც ჰქონდა ადგილი.
“მხოლოდ სააკაშვილს შეუძლია ჩამოაგდოს პოროშენკო, რომელმაც ჩვენ დაგვაჩოქა” – ასე პასუხობდნენ სააკაშვილის მომხრეები მოწინააღმდეგე ბანაკის წარმომადგნელებს. სასამართლოს წინ მობილიზებული იყო 50-მდე პოლიციელი და დაცვის თანამშრომელი.
აღსანიშნავია, რომ როცა მოსამართლე შემოვიდა დარბაზში, სააკაშვილი განაგრძობდა ხმამაღლა, ფრანგულ ენაზე ინტერვიუს მიცემას რომელიღაც ფრანგული მედიისთვის. “თქვენ წარმოიდგინეთ, მოსამართლემ, ისევე როგორც სხვებმა დარბაზში, არაფერი შეიმჩნიეს და არავის უცდია შენიშვნა მიეცა ოდესის ექს-გუბერნატორისთვის. ასეთი რამ უკრაინული სასამართლოსთვის მართლაც უცნაურია” – აღნიშნავს BBC.
19 სექტემბრისთვის სააკაშვილი კიევში ჩასვლას გეგმავს, 20 სექტემბრისთვის დნეპრში აპირებს შეკრიბოს ხალხი, ხოლო 22-სთვის ის ისევ სასამართლოში უნდა გამოცხადდეს.
შეგახსენებთ, სააკაშვილს უკრაინის საზღვრის “გარღვევისთვის” 3400 გრივნა ჯარიმა, ან 15-დღიანი პატიმრობა ემუქრება.