ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოხანაშვილის ჩვენებას, რომ პატრიარქის სახლში ტერორისტები ცხოვრობდნენ, პროკურატურა პასუხობს

საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის ჩვენებას, რომ პატრიარქის სახლში 2016 წელს რამდენმე თვის განმავლობაში ტერორიზმში, ადამიანის მკვლელობასა და გატაცებაში ბრალდებული სამი პირი იმალებოდა,საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებით პასუხობს:

,,2014 წელს, თურქეთის მოქალაქეებმა, მ. ზ. – მ და ა. ნ. – მ, ოფიციალურად გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ლეგალურად ცხოვრობდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. ამასთან, საქართველოში ყოფნის პერიოდში აღნიშნული პირების, ან მათთან კავშირში მყოფი, საქართველოში მცხოვრები ადამიანების მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია. ამდენად, გამოძიება შესაძლო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით საქართველოს შესაბამისი ორგანოების მხრიდან არ დაწყებულა. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების თხოვნის საფუძველზე, ვინაიდან მ. ზ. და ა. ნ. იძებნებოდნენ შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის, საქართველოს შესაბამისმა უწყებებმა ისინი დააკავეს 2016 წელს და მოახდინეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. საქართველოს კანონმდებლობით გათვალიწინებული პროცედურების განხორციელების შედეგად, ერთი პირი ექსტრადირებულ იქნა თურქეთის რესპუბლიკაში, ხოლო მეორე პირის მიმართ ამჟამადაც მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები,”-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის სკანდალურ ჩვენებას, რომ პატრიარქის სახლში შორენა თეთრუაშვილი და გიორგი ანდრიაძე ტერორისტებს მალავდნენ, საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ სხვადასხვა მედიასაშუალებით უპასუხა.

როგორც ანდრიაძემ განაცხადა, აღნიშნული პირები არიან ლაზები, რომლებსაც უყვართ საქართველო და ხშირად ჩამოდიან აქ:

“ჩვენთან მოდიან ყველანაირი ტიპის ლაზები, თურქეთის ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლები, ოპოზიცია, ათეისტები, ისლამისტები. პატრიარქის სახლი გადმოცემული გვქონდა ჩვენ წლების განმავლობაში. ამ სახლში სისტემატურად ჩამოდიოდნენ ლაზეთიდან სტუმრები. ეს ადამიანები არ შემოპარულან ტყით და ზღვით. ოფიციალურად ჩაურტყეს ბეჭედი და შემოვიდნენ საზღვრიდან. პრობლემები გაუჩნდათ მერე, ალბათ, როდესაც თურქეთში დემოკრატიული ჯგუფების დევნა დაიწყო. ეს ადამიანები არ იყვნენ ისლამისტები, ისინი იყვნენ დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანები. ეს პიროვნებები რომ დაიჭირეს, საქართველოს მთავრობას მათთან პრობლემა არ ჰქონია. გაიმართა სასამართლო პროცესი და ერთი მათგანი გამოუშვეს. დღესაც საქართველოში ცხოვრობს,“ – აცხადებს გიორგი ანდრიაძე.

იტვირთბა....