უმრავლესობის წევრი და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, რომ შუახევის სკოლის პედაგოგი, რომელსაც სკოლის მოსწავლეებთან ერთად სურათი „ქართული ოცნების“ პარტიული დროშებით აქვს გადაღებული, მათი პარტიის აქტივისტი არ არის. მისი თქმით, პედაგოგი ამ საქციელის გამო, სულ მცირე, საყვედურს მიიღებს. ჯაში ამბობს, რომ აუცილებლად დასადგენია, რეალურად რატომ აღმოჩნდა დროშები დაწყებითი კლასის მასწავლებლებთან.
“ქვეყანაში რაც არ უნდა პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობდეს, არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს უფლება, სკოლაში პოლიტიკა შეიტანოს. აღნიშნული საქმე დისციპლინარულ კომიტეტს გადაეცა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, საგანმანათლებლო სისტემის დეპოლიტიზაცია მოხდა და ჩემი საარჩევნო კამპანიის დროს, სკოლებში შეხვედრა არ ყოფილა. კონკრეტულ ფაქტთან მიმართებით დასადგენია კონკრეტული გარემოებები და მოტივები.
პედაგოგისთვის, სულ მცირე, საყვედური იქნება გათვალისწინებული, მაგრამ კომიტეტის გადაწყვეტილებას დაველოდოთ”, – დასძინა ჯაშმა
შეგახსენებთ, შუახევის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელი მარინე დარჩიძე, სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად “ფეისბუქზე” პირველკლასელებთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
მასწავლებელის მიერ გავრცელებულ ფოტოს ყურადღებას არავინ მიაქცევდა, რომ არა ფოტოზე ასახულ პირველიკლასის მოსწავლეები, რომელთაც ხელში “ქართული ოცნების” დროშები უჭირავთ.
საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ გავრცელებული ფოტო სოციალურ ქსელში განხილვის საგანი გახდა. “ფეისბუქის” მომხმარებლები წერენ, რომ წინასაარჩევნო კამპანია საჯარო სკოლებშიც დაიწყო.
შუახევში, სხეფის საჯარო სკოლაში მოსწავლეების მიერ “ქართული ოცნების” დროშებით ხელში გადაღებულ ფოტოსთან დაკავშირებით, სხეფის საჯარო სკოლის დირექტორმა, ოთარ დავითაძემ “მეტრონომს” განუცხადა, რომ მასწავლებლის მიმართ დისციპლინარული საქმის წარმოება დაიწყო.