შუახევში, სხეფის საჯარო სკოლაში მოსწავლეების მიერ “ქართული ოცნების” დროშებით ხელში გადაღებულ ფოტოსთან დაკავშირებით, აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, თეა ვადაჭკორიამ “მეტრონომს” განუცხადა, რომ ამის შესახებ კომენტარი სკოლის დირექტორმა უნდა გააკეთოს:
“რეალურად დირექტორი არის დამსაქმებელი და ეს საკითხი, პირველ რიგში, უნდა გადაწყდეს სკოლის დონეზე. ნამდვილად გვაქვს საქმე ზოგადსაგანმანათლებლო კანონის დარღვევასთან და გადაწყვეტილება სკოლის დირექტორმა უნდა მიიღოს, დისციპლინურ კომიტეტთან ერთად. რამდენად დაიწყო ეს პროცედურები, უნდა ჰკითხოთ მას”-განუცხადა ვადაჭკორიამ “მეტრონომს”.
სხეფის საჯარო სკოლის დირექტორი, ოთარ დავითაძე “მეტრონომის” სატელეფონო ზარებს ამ ეტაპზე არ პასუხობს. მის კომენტარს, მოპოვებისთანავე შემოგთავაზებთ.
პოლიტიკური იდეების ისტორიკოსი, გრიგოლ გეგელია აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:
“შუახევის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად ფოტოს აქვეყნებს სადაც ჩანს, რომ პირველი კლასის მოსწავლეებს ხელში “ქართული ოცნების” დროშები უჭირავთ.
ვფიქრობ, ეს მასწავლებელი დაუყონებლივ უნდა იქნას მოშთობილი ქართული საგანმანათლებლო სივრციდან არასრულწლოვანი ბავშვების, საგანმანათლებლო ფილოსოფიის, თავისუფალი დემოკრატიის და წესიერების შეურაცხყოფისთვის.
რამდენიც არასწორ მასწავლებელს დავინდობთ, იმდენად ვწირავთ ქვეყანას ჭაობისათვის! რამდენადაც სკოლის მასწავლებლებს საუკეთესო პირობებს არ ვუქმნით წინსვლისა და მუშაობისთვის, იმდენად ვწირავთ ქვეყანას ჭაობისათვის!
ქვეყანა და მისი მომავალი იწყება სკოლაში!”-წერს გეგელია.
შეგახსენებთ, რომ შუახევში, სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებელი, მარინე დარჩიძე სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად ფეისბუქზე პირველკლასელებთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
ფოტოზე ჩანს, რომ პირველი კლასის მოსწავლეებს ხელში “ქართული ოცნების” დროშები უჭირავთ.
საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ გავრცელებული ფოტო სოციალურ ქსელში განხილვის საგანი გახდა. “ფეისბუქის” მომხმარებლები წერენ, რომ წინასაარჩევნო კამპანია საჯარო სკოლებშიც დაიწყო.