აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ტვიტერზე“ ლონდონის მეტროსადგურში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება. ის თვლის, რომ აშშ-ში შესვლის თაობაზე შეზღუდვების გაძლიერება აუცილებელია.
“აშშ-ში შესვლის აკრძალვა უფრო ფართო, უფრო ძლიერი და უფრო კონკრეტული უნდა იყოს “, – წერს ტრამპი. მისი თქმით, ლონდონში მომხდარ თავდასხმას ორგანიზება “ავადმყოფმა და სუსტად მოაზროვნე ადამიანებმა” გაუწიეს.
“დროულად უნდა ვიმოქმედოთ!”,- დაწერა ტრამპმა.
შეგახსენებთ, ლონდონის მეტროსადგურ „პარსონს-გრინში“ აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 22-მდე ადამიანი დაშავდა. სადგურზე ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. აფეთქების შემდეგ, მეტროსადგურში კვამლი გაჩნდა და მგზავრები პანიკაში ჩავარდნენ. ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა. სამართალდამცავებმა მეტროსადგური დახურეს. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.