ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რესპუბლიკურმა პარტიამ” არჩევნებისთვის ლესბოსელი კანდიდატი წარადგინა

დღეს, “რესპუბლიკურმა პარტიამ” თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის საარჩევნო სიის მეორე ხუთეული წარადგინა. ესენი არიან: ტრისტან ჯინჭარაძე, თინა გელეყვა, გიორგი ჭაღიაშვილი, გიორგი ჩუბინიძე და ნინო ბოლქვაძე.

ნინო ბოლქვაძე ლგბტ აქტივისტია. ის საჯარო სივრცეში ღიად აფიქსირებს, რომ ლესბოსელი ქალია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც პარტიამ ერთ-ერთ კანდიდატად ღიად ლესბოსელი ქალი წარადგინა. ბოლქვაძე პროფესიით იურისტია.

როგორც “ლიბერალთან” პარტიის გენერალურმა მდივანმა თამარ კორძაიამ განაცხადა, გულდასაწყვეტია, რომ ღიად ლესბოსელი ადამიანის კანდიდატობა გაოცებას იწვევს ჩვენს საზოგადოებაში.

“პრობლემაა, რომ ეს უკვირთ. ნინო კომპეტენტური ადამიანია და ძალიან ბევრის გამკეთებელია სხვადასხვა სფეროში. როგორ შეიძლება ვისაუბროთ მის სექსუალურ იდენტობაზე, როდესაც მას უამრავ მნიშნელოვან თემაზე შეუძლია საუბარი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მისი მგრძნობელობაც ამ თემის მიართ. ასეთი მგრძნობელობის მქონე ადამიანი უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან დიდ წვლილს შეიტანს, რაც ვთვლით, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ მიზანს აბსოლუტურად ემთხვევა. რელიგიურ ქვეყნებში, მაგალითად, სერბეთში, ჰყავთ ლესბოსელი პრემიერ-მინისტრი. მაგრამ იქ ეს საკითხი საუბრის თემა არ არის. იგი პროფესიონალიზმის გამო აირჩიეს. სექსუალური იდენტობა არ არის მთავარი, წამყვანი თემა. ჩვენც ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი სწორედ ასე უნდა განვიხილოთ.

ნინოს ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესო იდეები აქვს: როგორ შეიძლება იყოს თბილისი უსაფრთხო ქალაქი ადამიანებისთვის – გარემოს დაცვის სფეროდან დაწყებული, პირადი ცხოვრების უსაფრთხოებით დამთავრებული. ის ძალიან კვალიფიციურია ამ საკითხებში”- აღნიშნა კორძაიამ.

მანამდე “რესპუბლიკურმა პარტიამ” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიის პირველ ხუთეული წარადგინა, სადაც სიის მეხუთე ნომერი ლაშა ომარაშვილია, რომელიც 8 წელი ბერად იყო აღკვეცილი ათონის მთაზე. ომარაშვილი ეკლესიიდან 10 წლის წინ წამოვიდა, რის შემდეგაც 5 წელი ლონდონში ცხოვრობდა და მუშაობდა.

“ნეტგაზეთთან” მიცემულ ინტერვიუში, ომარაშვილმა განაცხადა, რომ მიზეზი თუ რატომ წამოვიდა ის ეკლესიიდან ის არის, რომ “ქრისტიანობამ თავისი დრო მოჭამა”:

“ქრისტე აღარ არსებობს თანამედროვე საზოგადოებაში. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ პოსტქრისტიანულ სამყაროში, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი იმდენად ჩამორჩება ამ მეინსტრიმსა და თანამედროვე მსოფლიოს განვითარებას, მან ეს ჯერ არ იცის.”- აღნიშნა მან “ნეტგაზეთთან”.

იტვირთბა....