გენერალი ამირან სალუქვაძე „მეტრონომთან“ საუბრისას რუსეთის სამხედრო ძალების ფართო მასშტაბიან წვრთნებს აფასებს. მისი თქმით, რუსეთი ახლა შეიარაღებული ძალების ზრდის პოტენციალში იმყოფება. სალუქვაძის განცხადებით, ეს ყველა წრთვნები, რომელსაც ის 2008 წლიდან ახორციელებს, საგარეო პოლიტიკის ქვეტექსტია.
თუმცა სალუქვაძე გამორიცხავს, რომ ამ წვრთნებს 2008 წლის მსგავსი სახე მიეცეს და რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ კვლავ სამხედრო აგრესია წამოიწყოს. მისი აზრით, დღეს ასეთი ინდიკატორები ამ ეტაპისთვის არ იკვეთება. სალუქვაძე გამორიცხავს, რომ უახლოეს ერთ წელში მაინც რუსეთმა რეგიონში სამხედრო აგრესია განახორციელოს.
გენერლის განცხადებით, რუსეთი სხვადასხვა რეგიონებში მსგავს წვრთნებს, უკვე რამდენიმე წელია რაც ახორციელებს. მისი აზრით, დღეს გაქრა ის დაუწერელი სტანდარტები, შეთანხმებები, რაც სახლმწიფოებს შორის არსებობდა.
მისი აზრით, საზღვრისპირა რეგიონებში მსგავსი სახის მასშტაბური წვრთნები, მეზობელი ქვეყნებისთვის გამოწვევად აღიქმებოდა, ამიტომ საბჭოთა კავშირის დროსაც კი ამ დონის მასშტაბური წვრთნები არ ტარდებოდა. რუსეთი სამხედრო სწავლებებს კი ატარებდა, თუმცა არა საზღვრის პირას. სალუქვაძე კრემლის ამგვარ ქმედებები, როგორც დასავლეთის ასევე ევროპის დაგვიანებულ რეაქციას აბრალებს.
„რუსეთის ასეთი ღია ქმედება, რა თქმა უნდა, რომ საგარეო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. ეს არის კრემლის ძალის დემონსტრირება. შარშანაც და შარშანწინაც იგივე მასშტაბის წვთნები იყო. ახლა ამ სწავლებებს, ხმელთა შუა ზღვაში ფლოტის სწავლებები ახლავს. პარალელურად სირიაში საჰაერო კოსმოსური ძალებით ომობს.
დღეს კი საზღვაო ფლოტის შვიდი კალიბრის ფრთოსანი რაკეტების გაშვება განახორციელეს. მიუხედავად ეკონომიკური სანქციებისა, რუსეთი ახერხებს, რომ მსგავსი სწავლებები ჩაატაროს. რა თქმა უნდა, ეს ყველა სახელმწიფოს უფლებაა, მაგრამ ამას რა ფონი, რა რიტორიკა ახლავს, სად და როგორ ტარდება, ეს არის მთავარი. ამის ანალიზი უნდა მოხდეს.
რუსეთსაც და დასავლეთსაც აწყობს, რომ ამ თემაზე მედიაში აჟიოტაჟი იყოს ამტყდარი. ვხედავთ, რომ ამერიკაში ამ საკითხს შიდა პოლიტიკისთვისაც კი იყენებენ.
აგვისტოს ომის დროს ამ ყველაფერს დასავლეთმა ყურადღება არ მიაქცია, ვერც ჩვენმა ქვეყანამ ვერანაირი გაკვეთილი ვერ გამოიტანა. რუსეთის ეს მოქმედებები იმის ბრალია, რომ დასავლეთმა გვიან დაიწყო გამოფხიზლება, რუსეთმა კი გაკვეთილები გამოიტანა და დაიწყო ყველა მიმართულებით თავის შეიარაღებული ძალების განვითარება.
რუსები ღიად არ ამბობენ, თუმცა ირონიულად საუბრობენ რომ მათ წვრთნების ჩატარების უფლება აქვთ. შეიძლებოდა ბელორუსიის ტერიტორიაზე ჩატარებულიყო წვრთნები და ამას არ მოჰყოლოდა ასეთი მასშტაბური წვრთნების ჩატარება, მაგრამ დღევანდელი რუსეთი ასეთია.”-ამბობს ამირან სალუქვაძე „მეტრონომთან“.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების წვრთნები 25 აგვისტოს დაიწყო. სამხრეთის სამხედრო ოლქის პოლკოვნიკის ინფორმაციით, წვრთნებში 3 000 ჯარისკაცი და 700 ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს. სამხედროები სპეციალური აღჭურვილობისა და ტექნიკის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის უნარებში ვარჯიშობენ. რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების თქმით, მსგავსი გეგმური სწავლება აფხაზეთში მდებარე ბაზაზე რეგულარულად იმართება.
ავტორი: ელზა პაპოშვილი