საქართველოს მათავარმა პროკურატურამ მომღერალ პაატა ბურჭულაძესათან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. როგორც “მეტრონომს” პროკურატურაში განუცხადეს, უწყებამ ბურჭულაძესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ განცხადების შესწავლა მიმდინარეობს.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ თუ განცხადების შესწავლის პროცესში დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, გამოძიებას დაიწყებენ.
„აღნიშნული განცხადება შემოტანილია პროკურატურაში. ამჟამად მიმდინარეობს შესწავლა. თუ შესწავლის პროცესში იქნება დანაშაულის ნიშნები, დავიწყებთ გამოძებას. ჯერჯერობით წინასწარ რაიმეზე საუბრი რთულია. ჩვენ ვალდებულები ვართ, ჯერ განაცხადის შესწავლა მოხდეს“, – განუცხადეს “მეტრონომს” პროკურატურაში.
როგორც ცნობილია, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ „იავნანა“-ს საქმიანობით დაინტერესდეს.
როგორც აფბა-ს წარმომადგენელმა ანდრია გვიდიანმა განაცხადა, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში უნდა გაირკვეს, რა მიზნებისთვის იხარჯებოდა ფონდიდან მილიონობით ლარი.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ ეხმაურება პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ „იავნანასთან“ დაკავშირებულ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც POSTV-იმ ჩაატარა და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, დაინტერესდეს ამ საკითხით.
ასოციაციას მიაჩნია, რომ აუცილებელია, დაიწყოს გამოძიება და ამომწურავი პასუხი გაეცეს ფონდის საქმიანობის კანონიერებასთან დაკავშირებულ კითხვებს. მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, კრიტიკულად აუცილებელია, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში გა ირკვეს, რა მიზნებისთვის იხარჯებოდა მილიონობით ლარი, რომელსაც ქართული საზოგადოება, წლების განმავლობაში, შეჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად ფონდ „იავნანას“ და მის დამფუძნებელსა პაატა ბურჭულაძეს ანდობდა.
აფბას მიაჩნია, რომ „პოსტივის“ მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ არაერთი კითხვა ჩნდება ფონდში თანხების აკუმულირების, აღრიცხვისა და მათი ხარჯვის კანონიერებასთან დაკავშირებით და ახლა უკვე ობიექტური გამოძიების საქმეა, გაარკვიოს, ჰქონდა თუ არა ადგილი სისხლის სამართლის წესით დასჯად ისეთ ქმდებებს, როგორებიცაა თაღლითობა, ქურდობა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება).
აფბა დარწმუნებულია, რომ ამ საქმეზე, მიუკერძოებელი, სწრაფი და ეფექტური გამოძიების ჩატარება საკუთრივ ფონდი “იავნანას” და მისი ხელმძღვანელის ინტერესებში უნდა შედიოდეს.
“ახალგაზრდა ფინასნსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციისათვის”, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ „იავნანასთან“ დაკავშირებული სკანდალის ფონზე, არ მოხდეს საქართველოში ქველმოქმედების იდეის დისკრედიტაცია.
ამიტომ მოვუწოდებთ ყველა საქველმოქმედო ფონდს და ფილანტროპიით დაკავებულ ყველა კორპორაციას, უმოკლეს ვადებში წარმოადგინონ დეტალური და გამჭვირვალე ანგარიში მათი საქველმოქმედო საქმიანობის თაობაზე.
ამასთან ერთად, უახლოეს მომავალში ფართო დისკუსია უნდა დაიწყოს ამ ტიპის გამჭვირვალობის ვალდებულების საკანონმდებლო რეგულაციების შექმნის მიზანშეწონილობაზე”,-წერს ორგანიზაცია.