უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, დავით საყვარელიძე „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე სახელმწიფო საზღვრის გარღვევის ბრალდებით უკვე ოფიციალურად ეჭვმიტანილია. შესაბამისი ოქმი მას უკვე გადასცეს. ეს ინფორმაცია დაადასტურა „ახალი ძალების მოძრაობის“ პრესმდივანმა, მარიანა პოჩტარმა.
საყვარელიძეს პოლიცია თავზე მაშინ დაადგა, როცა ის რესტორანში სადილობდა.
სამართალდამცველების განცხადებით, დავით საყვარელიძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა იმ მოვლენებში, რომლის შედეგად უკრაინის სახელმწიფო საზღვრის არაკანონიერი გარღვევა მოხდა, ასევე წინააღმდეგობას უწევდა სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებს.
შესაძლოა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად უკრაინის რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს ატარებს, გადადოს ღონისძიებები და საქმეში ჩაერთოს. დაკითხვაზე დაბარებულები არიან ასევე იულია ტიმოშენკო და რადას რამდენიმე დეპუტატი.
შეგახსენებთ, საზღვრის გარღვევის გამო უკრაინის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და დაკითხვაზე პოლიტიკოსების და ყველა შესაძლო მონაწილეს იბარებს.