უკრაინის საზოგადოებრივი მოძრაობა “უკრაინული არჩევანის” ლიდერი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც უკრაინაში საკმაოდ პოპულარული ფიგურაა, სააკაშვილს აკრიტიკებს. მისი თქმით, უკრაინულმა პოლიტიკამ და მედიამ რეალობის შეგრძნება დაკარგა, რადგან ისინი პირველ პლანზე განიხილავენ “სააკაშვილის გარღვევის” საკითხს, როცა უკრაინაში გაჩაღებული ომია.
“უკრაინულმა პოლიტიკუმმა და მედიამ დაკარგა რეალობის შეგრძნება. მაშინ, როცა კონფლიქტი მძვინვარებს დონბასში, არის ენერგეტიკული ბლოკადა, უფასურდება ეროვნული ვალუტა, იზრდება სახელმწიფო ვალები, ეს ყველაფერი გადადის მეორე და მესამე პლანზე და პირველ რიგში განიხილება სააკაშვილის ე.წ. გარღვევის თემა. ვხედავთ ტარაკანასავით მორბენალ სააკაშვილს და შელახული ბოსტნეულისგან დამზადებულ პოლიტიკურ ვინეგრეტს, რომელიც ცდილობს აღიდგინოს შელახული რეიტინგი. როგორ უნდა გაეზარდოს და რა რეიტინგი შეიძლება ჰქონდეს ოდესის სამარცხვინო ყოფილ გუბერნატორს? რა ხეირს უნდა ველოდოთ იურისპოდენციაში საყვარელიძისგან? როცა სააკაშვილს გუბერნატორად ნიშნავდნენ მე მაშინ ვიხუმრე: ოდესას უმართლებს მიშებში, ხან იაპონჩიკიო, ხან “გრუზინჩიკი”. – წერს მედვედჩუკი.
პასუხმაც არ დააყოვნა და მას მიხეილ სააკაშვილმა თავის გვერდზე უპასუხა:
“რუსული სამყაროს აპოლოგეტი. ხელები სისხლში გასვრილი აქვს, მაგრამ ეს არ უშლის მას ხელს იმეგობროს პოროშენკოსთან. ამჯერდა ის მე დამესხა თავს. მედვედჩუკი პუტინის უახლოესი მეგობარიცაა – ახლო ბიზნეს-პარტნიორი პოროშენკოსი. მისი დამსახურებაა, რომ უკრაინელი მძღოლები გაზში ორმაგს იხდიან. აი ვისთან გადის კონსულტაციებს პრეზიდენტი, როცა იღებს გადაწყვეტილებებს ჩამომართვას მოქალაქეობა და არ შემომიშვას ქვეყანაში. და კიდევ, მედვედჩუკს უკრაინის პასპორტის გარდა კიდევ აქვს სხვა პასპორტიც – რუსეთის…” – პასუხობს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა. ერთი თვის წინ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.