ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სააკაშვილის ადვოკატი: სასამართლოს თავისი გადაწყვეტილებით შეუძლია, ის ქვეყნიდან გააძევოს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, მარკიან გალაბალას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დააკმაყოფილებს საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესახებ ადმინისტრაციულ ოქმს, უკრაინის ხელისუფლება შეძლებს მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევების პროცედურის დაწყებას. ამის შესახებ ადვოკატმა „რია ნოვოსტთან“ საუბრისას განაცხადა.

„ უკრაინის ხელისუფლებას სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევება  შეუძლია თუ სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ოქმის დაკმაყოფილება მოხდება.  მოტივაცია კი ის იქნება, რომ მან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა უკრაინის ტერიტორიაზე“, – განაცხადა გალაბალამ.

ადვოკატის განმარტებით, უკრაინის კანონების თანახმად, მოქალაქეობის გარეშე პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა საიმიგრაციო სამსახურს საფუძველს აძლევს ასეთი პირის გაძევების პროცედურის ინიცირება მოახდინოს.

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთასთან დაკავშირებულ საქმეს სასამართლო 18 სექტემბერს განიხილავს. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს.

უწყებაში აღნიშნეს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეს ლვოვის ოლქის მოსტისკის დასახლებული პუნქტის სასამართლო განიხილავს.

შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა.  ერთი თვის წინ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.

იტვირთბა....