„ სააკაშვილის მხრიდან საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტი არ მომხდარა,”- ასე შეაფასა დავით საყვარელიძემ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა. სააკაშვილის თანაპარტიელმა განცხადება უკრაინელი სამართალდამცავების მიერ საზღვრის კვეთის ფაქტზე ძიების დაწყებაზეც გააკეთა. საყვარელიძემ აღნიშნა, რომ უკრაინული კანონმდებლობით, ეს შეიძლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვალოს და არა სისხლის სამართლის დანაშაულად.
„ყველაფერი, რაც ხდებოდა, უკრაინულ ტერიტორიაზე იყო. პოლონურ საზღვრამდე არავინ მისულა. ის, რაც თუნდაც შეიძლებოდა მომხდარიყო, უკრაინული კანონმდებლობით არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ამიტომ, ამაში არავითარი ტრაგედია არ არის. როცა გაგიუქმებენ მოქალაქეობას და რჩები უსაბუთოდ, უფლება გაქვს, დროებითი დაცვის ღონისძიებისთვის მიმართო საემიგრაციო სამსახურს,“- განაცხადა დავით საყვარელიძემ.
უკრაინელი სამართალდამცავები გუშინ პოლონეთის საზღვარზე მომხდარ ფაქტს საზღვრის უკანონო კვეთის კვალიფიკაციით იძიებენ. გამოძიება ასეულობით მოქალაქესთან ერთად, რადას დეპუტატების ბრალეულობასაც არკვევს.
უკვე გამოქვეყნდა იმ დეპუტატების სიაც, რომლებმაც გუშინ საზღვარი ხალხთან ერთად გადმოკვეთეს. სამართალდამცველების განმარტებით, საზღვრის კანონდარღვევით კვეთა სისხლის სამართლის დანაშაულია და მათ სადუპუტატო იმუნიტეტი ვეღარ დაიცავს.
შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა. ერთი თვის წინ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.
წყარო: “რუსთავი 2”