პოლიტოლოგი გია ნოდია „მეტრონომთან“ აცხადებს, რომ გუშინდელმა დღემ, რომელიც პოლონეთი-უკრაინის საზღვართან განვითარდა, აჩვენა, რომ მიხეილ სააკაშვილი სერიოზული პოლიტიკოსია. მისი აზრით, ახლა პოროშენკომ სააკაშვილის წინააღმდეგ შეიძლება ორი სცენარი განახორციელოს, პირველი დააკაოს ის და გააძევოს ქვეყნიდან, ხოლო მეორე, დააკაოს და საქართველოს გადმოსცეს. თუმცა ნოდიას განცხადებით, ორივე შემთხვევაში პოროშენკოს ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.
მისი თქმით, პოროშენკო შეეცადა, რომ სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკური ცხოვრებიდან გაეძევებინა და მისი მარგინალიზაცია მოეხდინა, თუმცა მწარედ შეცდა და პირიქით, მას როგორც პოლიტიკოსს საკმაოდ სერიოზული ქულები მოუტანა. ანალიტიკოსის აზრით, ამ ბრძოლაში ჯერ გამარჯვება მიხეილ სააკაშვილმა მოიპოვა, თუმცა მომავალში მოვლენები როგორ განვითარდება რთული სათქმელია.
„გამორიცხული არ არის, რომ პოროშენკო ახლა მის დაპატიმრებას და საქართველოსთვის გადმოცემას გეგმავდეს. ვფიქრობ, რომ პოროშენკოს ახლა დიდი არჩევანის საშუალება აღარ დარჩენია. უკრაინული ოპოზიციის მხრიდან სააკაშვილის ლიდერად გახდომას ნაკლებად ველი, რადგანაც იულია ტიმოშენკო უკრაინაში ყველაზე დიდი რეიტინგით სარგებლობს. უბრალოდ ახლა სააკაშვილს ყველა ოპოზიციის ლიდერი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენებს.
ხედავენ, რომ მას უკრაინულ საზოგადოებაში მხადამჭერთა რიცხვი ემატება და რატომაც არა, მის გვერდით დგომით, საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებსაც დაიკმაყოფილებენ. ოპოზიციურ ალიანსს არ გამოვრიცხავ, რაც პოროშენკოსთვის უკრაინაში ახალი პოლიტიკური ფრონტის გახსნას ნიშნავს“,-ამბობს ნოდია „მეტრონომთან“.
შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა. ერთი თვის წინ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.