უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს კოლეგიის წევრი, დეპუტატი ანტონ გერაშენკო იმ პარლამენტარებს ასახელებს, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილთან ერთად საზღვარი გადაკვეთეს. ამის შესახებ განცხადებას ის “ფეისბუქზე” ავრცეებს.
მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილთან ერთად პოლონეთ-უკრაინის საზღვარი გადაკვეთეს იულია ტიმოშენკომ, სერგეი ვლასენკომ, იური დერევიანკომ, პაველ კოსტენკომ და დიმიტრი დობროდომოვმა. ასევე, მათთან ერთად იმყოფებოდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ვალენტინ ნალივაიჩენკო.
„დეპუტატის ხელშეუხებლობა არ ვრცელდება სისხლის სამართლის დანაშაულზე – უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე პირების უკანონო გადაყვანაზე“, -ნათქვამია გერაშენკოს განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება დანარჩენი პირების ვინაობის დასადგენად. როგორც გერაშენკო წერს, მათ კანონის შესაბამისად დაეკისრებათ პასუხისმგებლობა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა გუშინ, პოლონეთი-უკრაინის საზღვრის გამშვებ პუნქტთან კორდონები გაარღვიეს და უკრაინის ტერიტორიაზე საპასპორტო შემოწმების გარეშე შევიდნენ. ერთი თვის წინ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.