მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ისევ ავტობუსით გაემგზავრება. გადაწყვეტილება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მხარდამჭერებთან კონსულტაციის შედეგად ცოტა ხნის წინ მიიღო.
„მე წავალ უკრაინის საზღვარზე, გავესაუბრები მესაზღვრეებს და ვიბრძოლებ უკრაინაში დაბრუნების უფლებისთვის. ამ ყველაფერზე მე უარს არ ვიტყვი, ასეთ საჩუქარს პოროშენკოს არ გავუკეთებ,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილი უკრაინის საზღვრის გადაკვეთას მატარებლით გეგმავდა, თუმცა მას შემდეგ, რაც უკრაინის ეროვნული პოლიციის გადაწყვეტილებით, მატარებელს ქვეყანაში არ შეუშვებდნენ სანამ მას სააკაშვილი არ დატოვებდა, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მატარებელი დატოვა. საკუთარი გადაწყვეტილების არგუმენტად კი ის დაასახელა, რომ მას არ სურდა სხვა მგზავრებისთვის პრობლემების შექმნა.
რომელი სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან აპირებს მიხეილ სააკაშვილი პოლონეთი-უკრაინის საზღვრის გადაკვეთას, უცნობია. მისი თქმით, ის დღესვე, ნებისმიერ შემთხვევაში ეცდება საზღვრის გადაკვეთას.
შეგახსენებთ,საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, უკრაინაში ელოდებიან. კრაკოვეცის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან შეკრებილები არიან სააკაშვილის თანაგუნდელები, სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ჟურნალისტები. სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად, საზღვართან მობილიზებულები არიან უკრაინის ხელისუფლების მიერ დაქირავებული ადამიანები, ე.წ. ტიტუშკები. ადგილზე შეკრებილები ფიზიკურ დაპირისპირებასაც არ გამორიცხავენ.
თავდაპირველად სააკაშვილი უკრაინის საზღვრის გადასაკვეთად ავტობუსით გაემგზავრა, მოგვიანებით კი მან გეგმები შეცვალა და პოლონეთიდან, უკრაინული მატარებლით გადაწყვიტა საზღვრის გადაკვეთა. მოგვიანებით, მას და სხვა მგზავრებს უკრაინის პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს მითითებით, განუცხადეს, რომ სანამ ის მატარებელს არ დატოვებდა, ტრანსპორტი უკრიანისკენ არ დაიძვრებოდა. შემდეგ კი ევროპარლამენტარის ჩარევით, ცნობილი გახდა, რომ მატარებელი უკრაინის მიმართულებით დაიძვრებოდა.