კიევში, დანაღმული ავტომანქანის აფეთქებისას, საქართველოს მოქალაქის, თემურ მახაურის გარდა, ცნობილი მოდელი, “დიორის” ყოფილი სახე, ნატალია კოში იმყოფებოდა, რომელიც მძიმეც დაშავდა. უკრაინული მედია ექიმზე დაყრდნობით იუწება, რომ ქალს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა.
ექიმის ცნობით, პაციენტს დამწვარი აქვს სხეულის ნაწილი, დაზიანებული აქვს შინაგანი ორგანოები და სხვადასხვა სახის მოტეხილობებიც აღენიშნება. ექიმის განცხადებით, დაზიანებები სერიოზულია და შესაბამისად, რთულია რაიმეს პროგნოზირება.
უკრაინული ტელეკომპანია „კანალ 24“-ის წყაროს ცნობით, აფეთქებისას ავტომობილში მოდელის შვილიც იმყოფებოდა, რომელმაც სხეულის 10%-ის დამწვრობა მიიღო.
შეგახსენებთ, 8 სექტემბერს, კიევში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. შედეგად, საქართველოს მოქალაქე, ეროვნებით ჩეჩენი, ალი ტიმაევი დაიღუპა, რომელიც თემურ მახაურისა და რუსლან პაპასქირის სახელითაც იყო ცნობილი. უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქებულ ავტომობილს ქართული სანომრე ნიშანი ჰქონდა.