კიევში მომხდარ აფეთქებას, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქე, რუსლან პაპასკირი, მეტსახელად ”ზონა” გარდაიცვალა, ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” უკრაინაში საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ განუცხადა.
„საუბარია საქართველოს მოქალაქეზე და მანქანასაც გააჩნია ქართული ნომრები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მანქანაში იმყოფებოდნენ ასევე ქალი და ბავშვი და ისინი ცოცხლები არიან. მომხდარს უკვე მიენიჭა ტერაქტის კვალიფიკაცია. მოცემულ ეტაპზე ეს არის სრული ინფორმაცია, რისი თქმაც შემიძლია. ეს ადამიანი არის ეროვნებით ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე. საელჩოს საკონსულო განყოფილებას დამატებით თხოვნით არავის მიუმართავს გადმოსვენებაზე ან რაიმე სხვა საკითხთან დაკავშირებით. უკრაინელ სამართალდამცველებთან მუდმივ კონტაქტზე ვიმყოფებით”, – განაცხადა გელა დუმბაძემ.
შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს კიევის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად, ჩეჩნების მოხალისეთა ბატალიონ „შეიხ მანსურის“ წევრი, თემურ მახაური დაიღუპა. უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქებულ ავტომობილს ქართული სანომრე ნიშანი ჰქონდა.
შემთხვევა ბესარაბიის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. „შეიხ მანსურის“ მოხალისეთა ბატალიონი 2014 წელს შეიქმნა და დონბასში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა.