გურამ დონაძისა და ელისო კილაძის ინფორმაცია მოწმემ უარყო – ვინ ემუქრება მოწმეს სიცოცხლის მოსპობით?
ორი ჟურნალისტი, კვირის ბოლოს, სკანდალური საქმის „მოწმის აღსარებას“ აანონსებდა: „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორის, ელისო კილაძის ინფორმაციით, ეს 2011 -2012 წლების გახმაურებულ საქმეს ეხებოდა, ხოლო შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსისა და ჟურნალისტ გურამ დონაძის ცნობით, რამდენიმე დღეში სერიოზული სკანდალი გასკდებოდა, რომელიც ციანიდის საქმესაც კი გადაფარავდა.
„მეტრონომი“ დაუკავშირდა გურამ დონაძეს და შეეცადა, დამატებითი ინფორმაცია მოეპოვებინა დაანონსებული სკანდალის შესახებ:
გურამ დონაძე: „საქართველოში სულ რამდენიმე გახმაურებული საქმეა. ჩემი წყაროს კონფიდენციალობას, რა თქმა უნდა, დავიცავ; მან კი მითხრა, რომ ამ კვირას დიდი ამბავი გასკდება. რომ ვკითხე, რა, მიპასუხა, რომ ერთ-ერთი საქმის „მთავარი მოწმე აყირავდება“. მაგრამ საქმეს ნამდვილად ვერ გეტყვით, რადგან მან მთხოვა თავი შემეკავებინა. ეს საქმე ჩემთან დაკავშირებულ საქმეებს არ ეხება, რომელშიც ბრალი არ დამიდასტურდა. ეს ეხება ხმაურიან საქმეს, რომელშიც მთელ ქვეყანას დააჯერეს რომ ასეა; სადაც ორი მთავარი მოწმეა, მე როგორც ვიცი.
„მეტრონომი“: ჟურნალისტმა ელისო კილაძემაც მსგავსი განცხადება გააკეთა TV „პირველის“ ეთერში.
-სხვათაშორის, სანამ მე ამ სტატუსს დავწერდი, ერთ ადგილას „გაძვრა“ ეს ინფორმაცია, მაგრამ არ მახსოვს, რომელმა ფეისბუქმომხმარებელმა დაწერა, რადგან უცბადვე წაშალა. მერე დავინტერესდი და მივადექი კონკრეტულ ადამიანს, რომელმაც უკვე დამიდასტურდა ეს ინფორმაცია. თუმცა, იმანაც აღარ მითხრა, ვის ეწერა.
მერე ელისო კილაძემაც გააკეთა კომენტარი ამ საქმეზე. კარგია თუ რეალურად არსებობენ ადამიანები, რომლებსაც კბილაშვილის დროის პროკურატურამ ჩვენებები მუქარით თუ სხვანაირად მიაცემინა, ახლა კი სხვადასხვა ორგანიზაციების, ექიმების, კამერების თვალწინ მისცემს ჩვენებას.
თემა ძალიან ცნობილია, მაგრამ აქ კავშირში ოჯახებია და უხერხულია მათ გადავახტე. ჩემი ინფორმაციით, ან შაბათს, ან კვირას გახდება ეს ცნობილი და ყველასთვის მოულოდნელი იქნება, რადგან ამ მოწმის ჩვენების საფუძველზე ადამიანებმა ნახევარი სიცოცხლე უნდა გაატარონ ციხეში.
– რაც შეეხება თქვენ მიმართ აღძრულ საქმეებს, როგორ მიმდინარეობს?
– სასამართლოში ჩემი ერთადერთი საქმეა დარჩენილი – რობაქიძის საქმე, სადაც მის ობიექტურად წარმართვას ველით. რაც შეეხება გირგვლიანის საქმეს, მოგეხსენებათ, არ აღმომაჩნდა ბრალეულობა და პროკურატურამ ჩემ მიმართ საქმის წარმოება შეწყვიტა. მეორე იყო ნავთლუღის ე.წ. სპეცოპერაციაში ვითომ ჩემი მონაწილეობა და ესეც არ დადასტურდა.
– ამ ეტაპზე რას საქმიანობთ?
– ამ ეტაპზე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი ვარ, ასევე ვსაქმიანობ დახურულ მედიაჯგუფში, რომელიც კონკრეტულ კვლევებს ატარებს. სახელმწიფო სამსახურში არ ვარ“.
„მეტრონომთან“ ამ ინტერვიუს შემდეგ, რამდენიმე წუთში, ცნობილი გახდა, რომ ე.წ. კორტების საქმის მოწმე ზეწოლაზე ალაპარაკდა.
კერძოდ, ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატები პროკურატურას მიმართავენ და მოწმეზე ზეწოლის შესაძლო ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ. იურისტები ამბობენ, რომ მათ დაუკავშირდა ე.წ. კორტების საქმეზე ბრალდების მხარის ერთ-ერთი მოწმე და განუცხადა, რომ მსაჯვრდებული მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები მასზე ზეწოლას ახორციელებენ და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.
მოწმის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატები აცხადებენ, რომ ის არის ე.წ. კორტების საქმეში პროკურატურის ერთ-ერთი მოწმე.
ადვოკატ გაგი მოსიაშვილის ცნობით, მოწმე მათთან ოფისში რამდენიმე საათის წინ მივიდა და განუცხადა, რომ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებული ყოფილი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები მასზე ზეწოლას ახდენენ და ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ, ერთ-ერთი მსჯავრდებულის ოჯახის წევრმა შესთავაზა თანხა. იმ შემთხვევაში კი, თუ ამ პირობას არ დათანხმდებოდა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
ჯერ უცნობია, რომელი მსჯავრდებულის ოჯახზეა საუბარი, მაგრამ არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც ასახულია მოწმის მიერ ადვოკატებისთვის მიცემული ჩვენება და ადვოკატებმა ეს ჩანაწერი პროკურატურაში მიიტანეს, რომ სამართლებრივი რეაგირება დაიწყოს.
ადვოკატების ცნობით, მოწმეზე ზეწოლა იყო, რომ სასამართლოში ადრე მიცემული ჩვენება შეეცვალა.
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე რამდენიმე მაღალჩინოსანი იხდის სასჯელს.
„მეტრონომი“ დაუკავშირდა ე.წ. კორტების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, ირაკლი ფირცხალავას ცოლს, ნინო ფირცხალავას, რომელმაც ჩვენთან სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორტების საქმეზე ინფორმაცია მას უნდა გაესაჯაროებინა, მოწმის მიერ გაკეთებული განცხადება კი, რომ მას მაღალჩინოსნის ოჯახის წევრი სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, სასაცილოა.
ნინო ფირცხალავა: ერთს გეტყვით მარტო – ვაპირებ ძალიან დიდი ინფორმაციის გასაჯაროებას, ამიტომ დეტალებზე ჯერ ვერ დაგელაპარაკებით. უბრალოდ, დღეს გასული სიუჟეტი ჯერ არ მინახავს, რადგან გასული ვარ ქალაქიდან. ეს მოხდა იმიტომ, რომ მათ გაიგეს, მე ხვალ ვაპირებდი დიდი ინფორმაციის გასაჯაროებას და ეტყობა დამასწრეს.
„მეტრონომი“: კორტების საქმის ერთ-ერთი მოწმე საუბრობს მაღალჩინოსნების ოჯახის წევრების მხრიდან ზეწოლასა და ფიზიკური ლიკვიდაციის მცდელობაზეც კი, რათა ჩვენება შეეცვალა. მანამდე გურამ დონაძე და ელისო კილაძე აანონსებდნენ, რომ ერთ-ერთი ცნობილი საქმის მოწმე ალაპარაკდებოდა.
– აი, დონაძე და კილაძე რასაც ამბობდნენ, ჩემთან შეთანხმების გარეშე, ეგ იყო ის ინფორმაცია, რაც მე უნდა გამესაჯაროებინა, სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. რადგან ეს ინფორმაცია უკვე გასკდა, საპასუხო მოიფიქრეს და დამასწრეს თავისი ჭკუით. მე მაქვს ერთი კითხვა – ადვოკატი გაგი მოსიაშვილი, ეს აფერისტი ადამიანი, ამბობს, რომ მოწმეზე ფიზიკურ ზეწოლა იყო -დააკონკრეტოს, ვისზე საუბრობს? ვინ შეიძლებოდა დამუქრებოდა მოწმეს ფიზიკური ლიკვიდაციით? დამაჯერებლობისთვის ეს ხომ საჭიროა? მზად არ არიან – სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მათ არ ეგონათ, რომ ამას გავასაჯაროვებდი, ან სულელი ვეგონე… მე სხვა აზრი მაქვს – ეს დაცვითი რეფლექსი იყო, რაც გააკეთეს.
– რას აპირებთ?
– ყველაფერს გავასაჯაროვებ. ხვალ ჩატარდება ალბათ პრესკონფერენცია. ბევრ კითხვაზე გაიცემა პასუხი…
მანა ნოდია