“პრემიების გაცემას მთავრობაში ადგილი არ ჰქონია და ჩვენ, მთავრობამ ქამრები ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან შემოვიჭირეთ” – ასეთ უცნაურ განცხადებას აკეთებს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე მას შემდეგ, რაც მედიაში ინფორმაცია გავრცელდა მთავარი პროკურორის და მისი მოადგილეების 18-21 ჯერ გაცემულ პრემია-დანამატებთან დაკავშირებით.
„მე არ ვიცი რა მონაცემებს მეუბნებით, თუმცა რაც შეეხება პრემიებს და დანამატებს, მინდა გითხრათ, რომ ამ მთავრობამ მუშაობის დაწყების დღიდან 10 %-ით შემოვიჭირეთ ქამრები. არანაირი პრემიების გაცემას მთავრობაში, მით უმეტეს უმაღლეს დონეზე, ადგილი არ ჰქონია. გარდა ამისა, ტარდება საჯარო სამსახურის შესახებ რეფორმა, ივლისში უკვე დავიწყეთ ევროკავშირთან აღებული ვალდებულების შესრულება. ეს არ არის იოლი, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ პრემიებისა და სახელფასო განაკვეთების საკითხი მოგვარდება და დარწმუნებული ვარ, ამგვარი კითხვები აღარ დაისმება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ვიქტორ დოლიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 2016 წელს ხელფასის სრული ოდენობით პრემია და დანამატი 18 – ჯერ, ხოლო მისმა მოადგილეებმა – მამუკა ვასაძემ, გიორგი გაბიტაშვილმა და გიორგი გოგაძემ 21-ჯერ აიღეს.
მთავარი პროკურორის თანამდებობრივი სარგო თვეში 3 910 ლარია, ანუ წელიწადში 46 920 ლარი. ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, ირაკლი შოთაძემ 2016 წლის განმავლობაში, ხელფასთან ერთად 18-ჯერ მიიღო დანამატი და პრემია. როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია მითითებული, ირაკლი შოთაძის წლიური ანაზღაურება 117 000 ლარი იყო.