ავღანეთში, გუშინ დაჭრილ 3 ქართველი ჯარისკაციდან ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ოპერაცია ჩაუტარდა. თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას ინფორმაციით, დაშავებულს მეორე ოპერაცია ჩაუტარდება:
“ერთი სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. მას ჩაუტარდა ოპერაცია. დღესაც იგეგმება მორიგი ოპერაციის ჩატარება. აუცილებლობის შემთხვევაში ყველანაირი პირობაა, რათა შემდგომი მკურნალობის გაგრძელების მიზნით მისი გერმანიაში ტრანსპორტირება მოხდეს. რაც შეეხება კიდევ ორ სამხედრო მოსამსახურეს, მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი”, – განაცხადა იზორიამ.
შეგახსენებთ, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სამი ქართველი სამხედრო დაიჭრა.
როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.
დაშავებული უფროსი ლეიტენანტი ივერი თამაზის ძე ბუაძის მდგომარეობა მძიმეა. ასევე მსუბუქად დაიჭრნენ სერჟანტი გიორგი წიქარიშვილი და პირველი კლასის რიგითი ირაკლი კუჭუხიძე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.