ახალი სასწავლო წლიდან სკოლის ბუფეტებში გარკვეული პროდუქციის გაყიდვა იკრძალება. bpn-ის ინფორმაციით, შესაბამისი ბრძანება განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას უკვე გამოცემული აქვს.
ბრძანებით იკრძალება: საღეჭი რეზინის, კანფეტების, შოკოლადის, არომატიზებული წასახემსებლების (მაგალითად ჩიფსები, ჟელიბონი და ა.შ.) გაყიდვა, გარდა თხილეულის, ხილისა და ბოსტნეულის, რომელთაც მარილი, შაქარი ან ცხიმი აქვთ დამატებული. იკრძალება ასევე – მაიონეზით შეზავებული პროდუქციის, სოკოს, ასევე დაკონსერვებული პროდუქტების, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმის, მინერალური წყლის გარდა სხვა გაზიანი სასმელების, თერმულად დაუმუშავებელი კვერცხის გაყიდვა.
ამასთან, ბრძანებაში აღნიშნულია ის პროდუქტები, რომელთა გამოყენებაც სკოლის ბუფეტებში მიზანშეწონილი იქნება. ამ პროდუქტების ჩამანათვალი ასე გამოიყურება: ხილი და ბოსტნეული; წყალი, ხილის წვენი, ხილის კომპოტი, კისელი, ფერმენტირებული რძის სასმელი (იოგურტი), ხილის წვენითა და დაბალცხიმიანი რძით ან იოგურტით დამზადებული სასმელები (სასურველია გამდიდრებული კალციუმით), ჩაი და კაკაო.
აღნიშნული ბრძანების პირობების შესრულების მონიტორინგს სკოლებში დირექციასთან ერთად განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველო განახორციელებს.
დარღვევის შემთხვევაში ბიზნესოპერატორთან გაფორმებული ხელშეკრულება გაუქმდება.