დემირელის სკოლის დირექტორი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს თამარ სანიკიძეს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ის გავრცელებულ განცხადებაში ამბობს.
კავთიაშვილი განცხადებაში აღნიშნავს, რომ სანიკიძემ მედიასაშუალებებით არასწორი ინფორმაცია გაავრცელა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს სხდომის მიმდინარეობისა და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით:
„2017 წლის 29 აგვისტოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭომ დემირელის სახელობის კერძო კოლეჯს უარი უთხრა ავტორიზაციის მინიჭებაზე.აღნიშნულ უარს მოჰყვა მასმედიის სხვადასხვა საშუალებით ავტორიზაციის საბჭოს წევრების კომენტარები, რომლებიც რიგ შემთხვევაში სრულიად დაუსაბუთებელი და გაუმართლებელია. 31 აგვისტოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ქალბატონმა თამარ სანიკიძემ მედიასაშუალებებით გაავრცელა არასწორი ინფორმაცია საბჭოს სხდომის მიმდინარეობისა და ჩემ მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით. სხვადასხვა სააგენტოებისა და ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში თამარ სანიკიძე აღნიშნავდა, თითქოს მე გავაკეთე განცხადება სკოლის დამფუძნებლების მიერ განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით, კერძოდ მან აღნიშნა:
„საბჭოს სხდომაზე სკოლის დირექტორმა პასუხისმგებლობის გაზიარების ნაცვლად დამფუძნებლებზე მიუთითა, რომლებიც უხეშად ერეოდნენ სკოლის საქმიანობაში და დირექტორს აიძულებდნენ ხელი მოეწერა გაყალბებულ დოკუმენტაციაზე“. ეს განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს და მისი გადამოწმება შესაძლებელია ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმის ჩანაწერების საშუალებით.
საბჭოს სხდომაზე მე განვმარტე თუ როგორ ხდება სასწავლო წლის საერთო სტრატეგიის შემუშავება სკოლის დამფუძნებლების მიერ. ეს არასწორი ინფორმაცია უხეშად ლახავს ჩემს პატივსა და ღირსებას. აქვე აღვნიშნავ, რომ დემირელის სახელობის კოლეჯის დირექტორის თანამდებობაზე დავინიშნე 2016 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ რაც უცხოელი მოსწავლეები უკვე სწავლობდნენ კოლეჯში და დაწყებული იყო განათლების აღიარების პროცესი, რომელსაც თავად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს განათლების სამინისტროთან ერთად“,- აცხადებს ნინო კავთიაშვილი.