ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უკრაინის საიმიგრაციო სამსახური და პოლიცია დავით სააკაშვილს დეპორტაციისთვის ამზადებს

მიხეილ სააკაშვილის ძმის დაკავებაზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა და სოციალისტური პარტიის თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა.

ტელეკომპანია 112-ის ეთერში ილია კივამ აღნიშნა, რომ დავით სააკაშვილი ქვეყანაში ყოფნის რეჟიმის დარღვევისთვის დააკავეს და მას საქართველოში დეპორტაციისთვის ამზადებენ.

“დააკავეს სკანდალური, უკრაინის არამოქალაქე სააკაშვილის ძმა დავითი. ის დააკავეს ქვეყანაში ყოფნის რეჟიმის დარღვევისთვის. უკრაინის საიმიგრაციო სამსახური და პოლიცია მას დეპორტაციისთვის ამზადებს. ჩვენს ქვეყანაში იქნება წესრიგი და გპირდებით, ამას მივაღწევთ. ნებისმიერი კანონდარღვევა დაუყოვნებლივ დაისჯება, მიუხედავად ადამიანის სტატუსის, რანგისა და გავლენისა,” – განაცხადა ილია კივამ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე დაწერა, რომ დღეს დილით ავაკოვის შს სამინისტროს თანამშრომლებმა მისი ძმა, დავით სააკაშვილი კიევში სახლიდან გამოსვლისას დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

“როგორც ჩანს, უკრაინის ხელისუფლება ამგვარად ცდილობს ჩემზე გავლენის მოხდენას, რათა მე უკრაინაში არ დავბრუნდე. ცუდად მიცნობთ. პირიქით, ეს სიტუაცია უფრო გააძლიერებს ჩემს მტკიცე განზრახვას დავიცვა უკრაინა და უკრაინელები ბარიგებისგან”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის დასავლეთ საზღვრებზე კიევიდან მობილური ჯგუფები გააგზავნეს, რადგან ადგილობრივ მესაზღვრეებს არ ენდობიან.

“მობილური ჯგუფების მიზანია საზღვარზე არ შემიშვან და პასპორტი წამართვან. საზღვარზე შეხვედრამდე!” – დასძინა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

 

 

იტვირთბა....