კომპანია iPhone+ ცილისწამებისთვის, ზიანის ანაზღაურების სახით ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანისგან 50 000 ლარს ითხოვს.
კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ საქმე 2015 წელს მომხდარ ფაქტს ეხება, როდესაც ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თითქოს გაფუჭებული, წუნდებული ტელეფონი iPhone+-ში შეიძინა, თუმცა როდესაც საგარანტიო დოკუმენტი წარმოადგინა, აღმოჩნდა, რომ ეს ტელეფონი აღნიშნულ მაღაზიაში შეძენილი არ იყო. წარმომადგენლის კომენტარს “აიპრესი” აქვეყნებს.
როგორც iPhone +-ში აცხადებენ, კომპანიის მენეჯმენტი ნანუკა ჟორჟოლიანს სთხოვდა, რომ სოციალურ ქსელში აღნიშნული პოსტი წაეშალა და კომპანიის იმიჯის აღდგენის მიზნით ახალი პოსტი დაეწერა, სადაც ინფორმაციას უარყოფდა. ისინი აცხადებენ, რომ თუ ჟორჟოლიანი თავის დროზე ფაქტს უარყოფდა და მხოლოდ “ფეისბუქ” პოსტს არ წაშლიდა, კომპანია სამართლებრივ დავაზე არ წავიდოდა.
თავად ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი კი ამბობს, რომ მან უკვე გააკეთა განმარტება იმის თაობაზე, რომ პროდუქცია iPhone+-ში არ შეუძენია. თუმცა ის არ ასახელებს იმ კომპანიას, სადაც რეალურად ტელეფონი შეიძინა, რადგან როგორც თავად აცხადებს, პრობლემა აღმოიფხვრა და აღნიშნულმა კომპანიამ მას მობილური ტელეფონი გამოუცვალა.
ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ კომპანია iPhone+ ასეთი სტილით გამოირჩევა და აგრესიული კამპანიებით აკეთებს პიარს.
“მაგრამ ჩემი არჩევანია, მათ რას ვუპასუხებ და მალე მიიღებენ პასუხს”- განაცხადა ჟორჟოლიანმა “აიპრესთან”