ახალი ამბები მთავარი სამართალი

EMC შსს-ს მოუწოდებს სათანადოდ შეაფასოს რკინიგზის შენობასთან გამართულ აქციაზე პოლიციის თანამშრომლების ქმედებები

EMC ეხმიანება გუშინ, 24 აგვისტოს რკინიგზის ადმინისტაციის შენობის წინ შიმშილობის აქციის მონაწილეებისა და აქტივისტების მიმართ პოლიციის მიერ სავარაუდო ძალის გადამეტებისა და თვითნებური დაკავების ფაქტებს და შსს-ს მოუწოდებს სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცეს პოლიციის თანამშრომლების ქმედებებს.

“მედიაში გავრცელებული ვიდეო მასალა და EMC-ის მიერ თვითმხილველებისაგან აღებული ახსნა-განმარტებები, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან საპოლიციო ძალის უხეში და არაპროპორციული გამოყენების ფაქტებზე მიუთითებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულია 10-მდე პირი, მათ შორის, სტუდენტური აქტივისტური ჯგუფის „აუდიტორია 115“ და პროფკავშირის წარმომადგენლები. ზოგიერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და არსებითია მათთვის დაუყოვნებელი და ეფექტიანი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა”- ნათქვამია განცხადებაში. 

EMC მოუწოდებს შსს-ს უზრუნველყოს:
– თვითნებურად დაკავებული პირების დაუყოვნებელი გათავისუფლება;
– დაკავებულებისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა;
– პოლიციის თანამშრომლების ქცევის კანონიერების შესწავლა და მათ მიმართ პასუხისმგებლობის ადეკვატური ღონისძიებების გამოყენება.

შეგახსენებთ, გუშინ, საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების შიმშილობის მეათე დღეს, “აუდიტორია 115”-ის მიერ გამართულ სოლიდარობის აქციაზე დაპირისპირება მოხდა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის. აქციის მონაწილეები რკინიგზის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რა დროსაც დააკავეს 10 ადამიანი. მათ შორის არიან “აუდიტორია 115”-ის წევრები და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წევრები. დაკავებულები არიან ამ დროის განმავლობაში მოშიმშილე აქციის მონაწილეებიც.

რკინიგზელთა პროტესტი იმან გამოიწვია, რომ მათი თქმით, სამუშაო ადგილი და პირობები ადმინისტრაციამ შეთანხმების გარეშე შეუცვალათ. ამჟამად შიმშილობს 8 ადამიანი.

მათი მოთხოვნებია: დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში; რკინიგზა დატოვონ საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ვასილ ხორავამ; შესრულდეს წინა გაფიცვების შედეგად მიღწეული შეთანხმებები.

გუშინ დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

იტვირთბა....