საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობასთან, სადაც რკინიგზელები უკვე მე-10 დღეა შიმშილობენ, ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადაა გამოძახებული.
როგორც „მეტრონომს“ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე ილია ლეჟავამ განუცხადა, ამ წუთებში 15 ადამიანი შიმშილობს. მისი ინფორმაციით, აქამდე 16 შიმშილობდა, თუმცა ერთ-ერთი მოშიმშილე გუშინ ცუდად გახდა და ექიმების რეკომენდაციით შიმშილობა შეწყვიტა. მას შაქრის დიაბეტი აქვს. ილია ლეჟავას თქმით, სასწრაფო ამ დროის განმავლობაში უკვე მესამედ გამოიძახეს:
„ამ წუთას, მოშიმშილეა 15 ადამიანი. იყო 16, თუმცა გუშინ სასწრაფო გამოვიძაძეთ, ერთ-ერთ მოშიმშილეს შაქრის დიაბეტი ჰქონდა, ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. სასწრაფო დახმარების ექიმების რეკომენდაციით და ჩვენი თხოვნით მან შიმშილობა შეწყვიტა, თუმცა მჯდომარე აქცია მან მაინც გააგრძელა. დღეს სწორედ ეს ადამიანი გახდა ცუდად, დასჭირდა სასწრაფო დახმარების გამოძახება.
როგორც სასწრაფო დახმარების ექიმმა ინფორმაცია მომაწოდა, შაქრის ნორმა ორჯერ არის გადაჭარბებული, აქედან გამომდინარე მას პირველად დახმარებას უტარებენ“- აღნიშნა ილია ლეჟავამ „მეტრონომთან“.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 112-ს მათ სთხოვეს, რომ მოშიმშილეებთან მორიგეობა დაეწესებინათ, ეს მოთხოვნა ამ დრომდე უზრუნველყოფილი არ არის.
რაც შეეხება რკინიგზელთა მოთხოვნებს და რკინიგზის დეპარტამენტთან მოლაპარაკებებს, ლეჟავა ამბობს, რომ ამ დრომდე ისინი უარს აცხადებენ ფროფკავშირთან მოლაპარაკებების გამართვაზე და ამ თემას თავს არიდებენ.
დღეს, რკინიგზის დეპარტამენტთან „აუდიტორია 115-ის“ სოლიდარობის აქცია 7-ის ნახევარზეა დაგეგმილი. საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებისა და პროფკავშირული მოძრაობის წევრების შიმშილობა ერთ კვირაზე მეტია გრძელდება.
როგორც პროფკავშირის წევრები აცხადებენ, პროტესტის მონაწილეებს სასამართლო და პოლიცია კარვის გაშლის შესაძლებლობასაც არ აძლევს. ფიზიკურად დასუსტებული ადამიანები ღია ცის ქვეშ ათენებენ ღამეებს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, რამდენიმე დღის წინ, მოშიმშილე უჩა ღვთისიაშვილზე „თავდასხმა და ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელება სცადეს კრიმინალური მენტალიტეტის მქონე გურჯაანელმა მინიავტორიტეტებმაც“.
„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და ღიად, მოშიმშილეების დასაცავად, მათი მოთხოვნების გათვალისწინებით ჩაერიოს პროცესში და ხელი შეუშალოს რკინიგზის ადმინისტრაციის “შტრეიკბრეხერულ” ინიციატივებს. წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესი შეიძლება ტრაგიკული მოვლენებით გაგრძელდეს. მოშიმშილეები პროტესტის გამოხატვას ოჯახის წევრებთან ერთად აპირებენ“- ნათქვამია დღეს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.
რკინიგზის თანამშრომლები და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრები გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენასა და საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსების გადადგომას მოითხოვენ.
საქართველოს რკინიგზაში კი ამბობენ, რომ პროტესტს პროფკავშირის პოლიტიკურად დაინტერესებული ხელმძღვანელობა მართავს, შესაბამისად ისინი აცხადებენ, რომ შიმშილობის საფუძველი არ არსებობს.
ნინო ცხადაია