დუშეთის რაიონის სოფელ ზემო თვალივში ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ რთული რელიეფიდან გამომდინარე, ღამით ხანძართან ბრძოლა შეჩერებული იყო, თუმცა ცეცხლი აღარ გავრცელებულა. მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის მიმდებარე ტერიტორია ნიჩბებით დაამუშავეს. შესაბამისად ახალი კერები აღარ წარმოქმნილა.
შეგახსენებთ, რომ ცეცხლი დუშეთის რაიონის სოფელ ზემო თვალივში ორი დღის წინ გაჩნდა. მეხანძრე-მაშველებმა მისი ჩაქრობა შეძლეს, თუმცა ქარმა რამდენიმე კერა კვლავ გააღვივა. დამწვარია 2 ჰექტარი ფართობი.