ახალი ამბები

მაშველები სტიქიის პირისპირ (ფოტოები)

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველო სხვადასხვა რეგიონში ხანძარს ებრძვის. ატენის ხეობაში, სოფელ ზემო ბოშურში ხანძარი ლიკვიდირებულია. ბორჯომის ხეობაში კი, ხანძრის ყველა ძირითადი კერა ლოკალიზებულია.

ქართველი მაშველებთან ერთად ტყის ხანძრის ჩასაქრობ სამუშაოებში აზერბაიჯანელი და სომეხი მეხანძრეებიც მონაწილეობენ.

ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლა ჰაერიდან – ვერტმფრენებით და მიწაზე – მძიმე ტექნიკით მიმდინარეობს. ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლოკალიზების პროცესში თურქეთის, ბელარუსის და აზერბაიჯანის ვერტმფრენები მონაწილეობენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთელი ამ პერიოდის ამსახველ ფოტო რეპორტაჟს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

“როგორც ერთობლივად ვებრძვით სტიქიას, ასევე ერთობლივად აღვადგენთ ჩვენს ბუნებას, ჩვენს ტყეს.
ატენის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია. ჩვენმა ჯარისკაცებმა მთელი ღამის განმავლობაში იმუშავეს, დილის 5 საათისთვის კი მოხდა მთლიანად ლოკალიზება, შემდეგ, მეხანძრე-მაშველების დახმარებით, საბოლოოდ ჩააქრეს ხანძარი.

რაც შეეხება ბორჯომის ხეობას, ცეცხლის გავრცელების არეალი არის გაცილებით შემცირებული, თუმცა რჩება რამდენიმე კერა, განსაკუთრებით რთულია წაღვერის და ტიმოთეს უბნის ქედზე გავრცელებული ცეცხლი. დღეს, ამ წუთას, მთელი ავიაციის რესურსის მობილიზება ზუსტად ამ კერაზე ხდება, რათა საღამოსთვის ჩვენ მაქსიმალურად შევამციროთ ცეცხლი.

მოგეხსენებათ ქარია, ამიტომ ჩვენ მოგვიწევს კიდევ ძალიან ინტენსიური მუშაობა იმისათვის, რომ ეს კერაც დავძლიოთ. რა თქმა უნდა აუცილებელი აღნიშვნის ღირსია, რომ ამ სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში 24 საათის განმავლობაში, რამდენიმე დღის მანძილზე, ძალიან ბევრი იშრომეს ჩვენმა სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მეხანძრე-მაშველებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ასევე ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, რომლებმაც უდიდესი სოლიდარობა გამოხატეს სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში”,-წერს პრემიერი.

ფოტოები პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან არის აღემული:

 

იტვირთბა....