საქართველოს ბანკი საქართველოსთვის 1 000 000 ლარს გამოყოფს უკანასკნელ დღეებში მთელი ქვეყნის მასშტაბით განვითარებული სტიქიის შედეგად დამწვარი ტერიტორიის აღდგენისა და ხანძრის პრევენციისთვის, – აღნიშნულის შესახებ განცხადება ბანკის ოფიციალურ facebook გვერდზე გამოქვეყნდა.
“გარდა ამისა, რამდენიმე დღეში მომხმარებლისთვის კვლავ ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ბანკის „მწვანე ანაბარი“, რომლის ფარგლებშიც 2008 წელს ბორჯომში დამწვარი ტყის ნაწილის აღდგენა მოხდა.
ბოლო რამდენიმე დღე საქართველოსთვის ძალიან რთული გამოდგა. დიდი მადლობა ყველას, ვისი თავდაუზოგავი ძალისხმევით ხდება სტიქიასთან გამკლავება. ერთობლივი ძალებით საქართველოს აღვადგენთ”- აღნიშნულია საქართველოს ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის ინიციატივით, „თიბისი ჯგუფი“ და კომპანია „ბორჯომი“ ხანძრისაგან გადამწვარ ბორჯომის ტყის ტერიტორიის 10 ჰექტარს სრულად აღადგენენ. ამის შესახებ ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ თავად განაცხადა.
„ბორჯომში იწვის უნიკალური ტყე. ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, „თიბისი ჯგუფმა“ კომპანია „ბორჯომთან“ ერთად გადაწყვიტა, რომ აიღოს ვალდებულება გადამწვარი ტყის მასივის 10 ჰექტარის სრულად აღდგენაზე“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ამასთან, ინიციატივას შემოუერთდა კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia.