“დილას, ბორჯომის ტყეში ბენზინიანი ოცლიტრიანი ბიდონი ვიპოვეთ”, – ამის შესახებ სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი ინფორმაციით, ასევე ტყეში სხვა ადგილას, ორი ცალი ბენზინიანი ბიდონი იპოვა ადგილობრივმა მცხოვრებმა, რომელმაც ადგილზე პოლიცია გამოიძახა.
„დილას, ბორჯომის ტყეში ბენზინიანი, ოცლიტრიანი ბიდონი ვიპოვეთ. პატრული მოვიყვანე, მერე შსს მოვიდა, შეაფასეს, გამომძიებელი გამოიძახეს და ძიება დაიწყო. ახლა ჩვენებაზე ვარ. სხვა ადგილას ქალსაც უპოვია ორი ცალი ბენზინიანი ბიდონი ტყეში.
ყურადღებით იყავით! მოხალისეებიც, მაცხოვრებლებიც და გამვლელებიც, თუ სხვაგანაც შენიშნეთ საეჭვო რამე, მაშინვე 112-ზე დარეკეთ. ამ ბიდონს რომ რამე კავშირი ჰქონდეს ხანძართან, ამის დამგდებისთვის ციხე რანაირად არის საკმარისი. რა ერევიან ხანძარს! ბიჭები არაადამიანური დატვირთვით მუშაობენ და მალე ყველაფერი კარგად იქნება“, – წერს აკა სინჯიკაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” აღნიშნული ინფორმაცია დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ ამ წუთებში პოლიცია ადგილზე იმყოფება და ნაპოვნ ბიდონებს ექსპერტიზაზე გადაიტანენ. შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. მიმდინარეობს ტერიტორიის დათვალიერება.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძარს არ არის გამორიცხული დივერსიის კვალიფიკაცია მიეცეს. მღებრიშვილი არ გამორიცხავს, რომ ცეცხლი ბორჯომის ხეობაში ხელოვნურად გაჩნდა. ამის შესახებ განცხადება მინისტრმა დღეს დილით გამართული თათბირის შემდეგ გააკეთა.
„მე, როგორც პოლიციელი არაფერს არ გამოვრიცხავ და ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ,“-განაცხადა მღებრიშვილმა.
ხანძრის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის თათბირზე დღეისთვის დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს.