საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის განცხადებით, სტიქიის ზონაში წარმოებულ სამაშველო სამუშაოებში ბელარუსული ვერტმფრენი ძალიან მალე ჩაერთვება.
ზურაბ ალავიძის განცხადებით, ამ დროისთვის, ბორჯომის ხეობაში ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება.
„ცოტა ქარი ამოვარდა და მდგომარეობას ვაკვირდებით. ყველა ლოკაციაზე მობილიზებული ვართ. ამ წუთში ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ და სიტუაცია უკეთესობისკენ მიდის. მთავარია, დღის განმავლობაში ხელი ქარმა არ უნდა შეგვიშალოს“, – განაცხადა ალავიძემ.
რაც შეეხება ხანძრის შედეგად დამწვარ ფართობს, ალავიძის ცნობით, ბორჯომის ხეობაში დამწვარია ათეულობით ჰექტარი. ბელარუსული ვერტმფრენი ამ დროისთვის ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტშია.
ბელარუსმა საქართველოში მი-26-ის ტიპის ვერტმფრენი გამოგზავნა, რომელსაც 15 ტონამდე წყლის ზიდვა შეუძლია.