სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობაში დახმარების თხოვნით საქართველომ მეზობელ და ევროკავშირის ქვეყნებს მიმართავენ. მინისტრის თქმით, სტიქიის მასშტაბები გაიზარდა და ექსპერტების რეკომენდაციაა, რომ სტიქიასთან საბრძოლველად დამატებითი ტექნიკის მობილიზება მოხდეს, რადგანაც არ არის გამორიცხული ღამის საათებში სტიქია გაძლიერდეს.
“ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, გაგზავნილია ინფორმაცია ყველა მეზობელ ქვეყანასთან, ევროკავშირის ქვეყნებთან. გარკვეული ქვეყნებიდან უკვე წინასწარი თანხმობა გვაქვს. ვფიქრობ, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავძლიერდებით, შემოგვემატება დამატებითი ტექნიკა და სტიქიას გავუმკლავდებით”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები რუსეთთან, სოფლის მეურნეობის მინისტრი პასუხობს, რომ ყველა მეზობელ ქვეყანასთან გაგზავნილია შესაბამისი მოთხოვნა და მან დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.
ბოლო ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში დამწვარია 12 ჰექტარი ფართობი. ხანძრის სალიკვიდაციოდ ამ დროისთვის სამი ვერტმფრენი მუშაობს. მეხანძრეები ხანძრის რამდენიმე მცირე კერას ებრძვიან.
სოფელ დაბასთან ხანძარი 20 აგვისტოს დღისით გაჩნდა. 21 აგვისტოს ცეცხლის ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა, ამოვარდნილი ქარის გამო ხანძრის ახალი კერები გაჩნდა.
თუმცა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩასაქრობად მოლაპარაკებები მხოლოდ თურქეთის მხარესთან მიმდინარეობს. ხოლო სხვა დანარჩენ ქვეყანასთან ამ საკითხზე კორდინაცია არ ყოფილა.