2018 წლის პირველი იანვრიდან, ფოთის პორტში შესვლას მხოლოდ ტექნიკური სტანდარტების შესაბამისი ავტომობილები შეძლებენ. პორტის მფლობელი APM თერმინალს-ის ცნობით, მიმდინარე წლის მაისში ფოთის საზღვაო ნავსადგური გაეროს გლობალური საგზაო უსაფრთხოების მეოთხე კვირეულში ჩაერთო და ავტომობილების მძღოლებისთვის ტრენინგები გამართა. დღემდე სწავლება 1378-მა მძღოლმა გაიარა და მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
ფოთის საზღვაო ნავსადგურში ტრენინგები სატვირთო ავტომანქანების მძღოლებისთვის სექტემბრის ბოლოს დასრულდება. გარდა ამისა, კომპანიის ცნობით, ფოთის საზღვაო ნავსადგურში რამდენიმე შეხვედრა შედგა, რომელშიც ლოგისტიკური, სატრანსპორტო კომპანიები, საზღვაო ხაზებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე შედგა შეთანხმება, რომ 2018 წლის პირველი იანვრიდან შესასვლელებში მოხდება სატვირთო ავტომობილების ვიზუალური დათვალიერება და ნავსადგურში დაშვების უფლება მიენიჭება მხოლოდ დადგენილი ტექნიკური სტანდარტების შესაბამის ავტომანქანებს.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი