ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბორჯომის ტყეში დაკვამლიანებამ იმატა: ცეცხლის კერების გავრცელების საფრთხე არსებობს

ბორჯომის ტყეში სახანძრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ  გრძელდება. ცეცხლი პრაქტიკულად ლოკალიზებულია, თუმცა იმ ადგილებში, სადაც მეხანძრე მაშველები ფეხით მისვლას ვერ ახერხებენ, ცეცხლის კერები ამ დრომდე რჩება. კერების ლოკალიზებას ვერტმფრენი ცდილობს. ხანძარმა წაღვერში 5 ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა. დაბის ტერიტორიის ნაწილზე, მეხნძრე-მაშველები ფეხით და მძიმე ტექნიკით ასვლას ვერ ახერხებენ, ამ ყველაფერს კი ყელს ამინდის გაუარესებაც უწყობს. სოფელ დაბის ტერიტორიაზე ქარია.

ტერიტორიაზე დაკვამლიანებამ იმატა და არსებობს ვარაუდი, რომ ცეცხლის კერები ახლოს არის დასახლებულ პუნქტთან.  ხანძრის ადგილას ჩავიდნენ კამპანია „აღადგინეს“ წარმომადგენლები, რომლებმაც აღნიშნულ ტერიტორიაზე 30 ათასი ნერგი დადგეს. მათი თქმით, ხანძრის შედეგად დარგული ნარგავების 30% განადგურდა. კამპანიის წევრები ასევე ამბობენ, რომ ერთი ვერტმფრენი ცეცხლის ჩასაქრობად საკმარისი არ არის.

განსხვავებულია ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების პოზიცია. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი განმარტავს, რომ ცეცხლის გავრცელების არეალი ამ დროისთვის შეზღუდულია.

„ამ ეტაპზე ხანძარი ლოკალიზებულია, დაახლოებით 5 ჰექტარამდე ტყე არის დამწვარი და იმედია, რომ დღეს დღის ბოლოსთვის უკვე მთლიანად ლიკვიდირებული იქნება ხანძარი. რაც მთავარია გავრცელების არეალი შეზღუდულია. გაკეთებულია თხრილები, რომ სხვა ტერიტორიაზე არ გადავიდეს და ახალ მასივს არ მოედოს ხანძარი. ძალიან გახშირებულია საქართველოს მასშტაბით ხანძრები და სასურველი იქნებოდა, რომ რამდენიმე ათეული ვერტმფრენი გვყავდეს. ტექნიკაც რამდენიმე ასეული, მაგრამ ამ ეტაპზე რაც არის ტექნიკაც იმითაც ძალიან მობილურად ვმუშაობთ,“-განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის, თორნიკე გვაზავას განცხადებით, ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს, თუმცა სამაშველო სამუშაოები მაინც ამინდზეა დამოკიდებული.

ქარის გამო ცეცხლის მცირე კერები სხვადასხვა ადგილზე ეტაპობრივად ჩნდება.

„თითქმის ლოკალიზებულია ხანძარი, ქარზე ვართ დამოკიდებული მაგრამ დიდ საშიშროებას არ ველოდებით, შეიძლება პატარ-პატარა ბუჩქებზე გაჩნდეს კერები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღის ბოლომდეც მთლიანად ლოკალიზებული უნდა იყოს, მაშველებიც ასე გვაიმედებენ,“-აცხადებს თორნიკე გვაზავა.

იტვირთბა....