ახალი ამბები მთავარი სამართალი

ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი პროკურატურას მუქარაში ადანაშაულებს

თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ იაშვილის ადვოკატი დავით ცინცქალაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ წინასწარი პატიმრობის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.

კახა ძნელაძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი პროკურატურას მუქარაში ადანაშაულებს. მიხეილ იაშვილის ინტერესების დამცველის განცხადებით, საგამოძიებო უწყების მხრიდან მის მიმართ ზეწოლა განხორციელდა.

ის პროკურატურას გამოძიების დაწყებას სთხოვს მოკლულის ცოლის მიერ, მის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზეც.

„პროცესის მიმდინარეობისას გარდაცვლილის მეუღლე მოულოდნელად დამესხა თავს, შემდეგი შინაარსის სიტყვებით: მაინცდამაინც შენ რატომ იცავ ბრალდებულს. რაც ატარებს სისიხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლით გათვალისწინებული კონკრეტული დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც ვითხოვ პროკურატურის მხრიდან ხსენებული დანაშაულის ნიშნებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას. გარდა აღნიშნულისა, პროკურატურა ჩემს მიმართ ახორციელებს ირიბ მუქარას,“ – აცხადებს დავით ცინცქალაძე.

შეგახსენებთ, რომ ჭონქაძის ქუჩაზე მომხარ მკველლობაში ბრალდებულ მიხეილ იაშვილს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

თბილისში, მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ცნობით, 47 წლის მამაკაცს მოტოციკლით მოძრავმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ორთაჭალაში, „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაიყვანა, თუმცა, მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ვინაობა ცნობილია, იგი 1979 წელს დაბადებული კახა ძნელაძე გახლავთ.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს, – 108-ე – განზრახ მკვლელობა და 236-ე – იარაღის უკანონო ტარება.

მკვლელობაში ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და შიმშილობას აცხადებს. მისი ადვოკატის, დავით ცინცქილაძის განმარტებით, მიხეილ იაშვილის დაკავება მოხდა პოლიციის განყოფილებაში, მაშინ როდესაც ის მოწმის სახით წაიყვანეს დასაკითხად. მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო და საქართველოს მოქალაქეობაზე უარს აცახდებს. ადვოკატი ამბობს, რომ იმ დროს, როდესაც მკვლელობა მოხდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სახლში იმყოფებოდა და ეძინა.

იტვირთბა....