ბარსელონაში 17 აგვისტოს განხორციელებულ ტერაქტში ეჭვმიტანილი იუნეს აბუიაქუბის ოჯახი, რომელიც კატალონიის ქალაქ რიპოლში ცხოვრობს, მომხდარის გამო შეშფოთებულია.
22 წლის იუნეს აბუიაქუბის დედამ, ჰანო განიმმა ესპანურ მედიას ინტერვიუ მისცა. დედამ ძებნაში მყოფ შვილს სთხოვა, სამართალდამცველებს ჩაბარდეს. მისი თქმით, ოჯახმა მხოლოდ ის იცოდა, რომ იუნეს აბუიაქუბი გერმანიაში სამუშაოდ წასვლას გეგმავდა.
„ვთხოვ მას, პოლიციას ჩაბარდეს. სჯობს ციხეში იჯდეს, ვიდრე მკვდარი იყოს. ისლამი ადამიანს მკვლელობისკენ არ მოუწოდებს, ისლამი მხოლოდ სიყვარულს და მშვიდობას ქადაგებს“, – აღნიშნა ჰანო განიმმა.
ტერაქტში ეჭვმიტანილის ოჯახის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ იუნეს აბუიაქუბს ექსტრემისტებმა „გონება მოუწამლეს“ და ამ ნაბიჯისკენ უბიძგეს.
22 წლის იუნეს აბუიაქუბი, რომელიც ესპანეთის სამართალდამცავი ორგანოს ინფორმაციით ტერაქტის დროს რამბლაზე მინიავტობუსს მართავდა, ძებნაშია. კონტრტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად, ტერაქტში ეჭვმიტანილი ოთხი ადამიანი დაკავებულია, ხუთი კი ლიკვიდირებული.
რამდენიმე საათის წინ ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ხუან იგნასიო სოიდომ განაცხადა, რომ დაკავებულთა დაკითხვისა და ლიკვიდირებულთა საქმის შესწავლის შედეგად, ბარსელონაში მოქმედი ჯიჰადისტების დაჯგუფება გამოვლენილია.
ესპანური გამოცემა EL PAÍS წერს, რომ აღნიშნულ დაჯგუფებას შესაძლოა, რიპოლში მდებარე ერთ-ერთი მეჩეთის იმამი, აბდელბაკი ეს სატი ხელმძღვანელობდეს. იგი რიპოლში 2015 წლიდან ცოლთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს. აბდელბაკი ეს სატის სახლში ჩხრეკა უკვე ჩატარდა. მისი ადგილმდებარეობა უცნობია.
EL PAÍS-ის ინფორმაციით, იმამმა რიპოლი ორი თვის წინ დატოვა, ნაცნობებს კი უთხრა, რომ საცხოვრებლად ბელგიაში აპირებდა გადასვლას.
წყარო: 1tv.ge