ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ახალი ეჭვმიტანილი: ბარსელონას ტერაქტთან დაკავშირებით 22 წლის მაროკოელს ეძებენ

ბარსელონას ტერაქტთან დაკავშირებით გამოძიებას ახალი მთავარი ეჭვმიტანილი ჰყავს. სამართალდამცველები წარმოშობით მაროკოელ, 22 წლის იუნეს აბუ-იაკუბს ეძებენ. ამის შესახებ BBC იუწყება.

ახალი ვერსიის თანახმად, შესაძლოა, სწორედ ის მართავდა ფურგონს, რომელიც ბარსელონის ცენტრალურ ქუჩაზე ხალხს შეეჯახა. მანამდე მთავარი ეჭვმიტანილი, 17 წლის მუსა აუკაბირი ქალაქ კამბრილსში, სამართალდამცველების მიერ მოკლულ 5 ტერორისტს შორის აღმოჩნდა.

გამოძიების ცნობით, ეჭვმიტანილები უფრო მასშტაბურ ტერაქტებს გეგმავდნენ, თუმცა წინა დღეს ქალაქ ალკანარში მომხდარმა აფეთქებამ მათ ბომბი გაუნადგურა, რის შემდეგაც, მთავარ იარაღად ავტომობილი გამოიყენეს.

ესპანური მედიის ცნობით, აბუ-იაკუბი ბარსელონის ჩრდილოეთით ქალაქ რიპოლში ცხოვრობდა. სამი ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა სწორედ ამ ქალაქში, ერთი კი ალკანარში აიყვანეს.

ტერაქტების სერიას ესპანეთში 14 ადამიანი ემსხვერპლა, საავადმყოფოში ამ დრომდე 60 დაშავებული რჩება, 15 მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

იტვირთბა....