7 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას თამარ მეარაყიშვილის, ასევე მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებისა და უფლებების დასაცავად ყველა რესურსის გამოყენებისკენ მოუწოდებს.
სამოქალაქო სექტორის შეფასებით, ცხინვალის დე ფაქტო მილიციამ აქტივისტი გაათავისუფლა, თუმცა, არსებობს რისკები, რომ მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლებრივმა დევნამ თვითნებური და დისკრიმინაციული ხასიათი შეიძინოს.
არასამთავრობოები ასევე მოუწოდებენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დროულად ჩაერთონ საქმეში და გამოიყენონ მათ ხელთ არსებული დიპლომატიური და პოლიტიკური ზეგავლენის მექანიზმები, რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმთან.
„მეარაყიშვილი გაათავისუფლეს გუშინ, თუმცა მის მიმართ დევნა გრძელდება, მათ შორის დაკითხვის დროს იყო მუქარის ფაქტები. ინტერესია, რომ მან მისი ჟურნალისტური საქმიანობა შეაჩეროს ან საერთოდ დატოვოს ახალგორის ტერიტორია. აშკარაა, რომ ასეთი პოლიტიკური ინტერესი შეიძლება არსებობდეს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე როგორც პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საქმე, საქართველოს ხელისუფლების აქტიური ყურადღების და მონიტორინგის საგანი გახდეს,“ – განაცხადა თამთა მიქელაძემ.