ახალი ამბები მთავარი სამართალი

ელისო კილაძის შვილის სასამართლო პროცესი 20 სექტემბრამდე გადაიდო

“ქრონიკა პლუსის” რედაქტორი ელისო კილაძე აცხადებს, რომ მისი შვილის საქმეზე,  საბოლოო განაჩენის გამოსატანად სასამართლო პროცესი თვითმმართველობის არჩევნების თარიღთან საეჭვოდ ახლოს დაინიშნა. ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილაძის საქმეზე საბოლოო განაჩენი 20 სექტემბერს გამოცხადდება.

კილაძის აზრით, განაჩენის გამოცხადების თარიღი ორი მიზეზით შეიძლება თვითმმართველობის არჩევნებისთვის დაემთხვიათ, ხელისუფლება ან სამაგალითოდ დასჯის ყველა იმ ადამიანს, ვინც კრიტიკული აზრის გამოთქმა გაბედა, ან  წინასაარჩევნოდ ქულების ჩაწერას შეეცდება.

„სავარაუდოდ ორი რამეა – ან ხელისუფლება სამაგალითოდ შეეცდება, რომ დასაჯოს ყველა ის ადამიანი, ვისაც აქვს კრიტიკული და განსხვავებული პოზიცია, ან წინასაარჩევნოდ ჩაიწეროს ქულები და გამამართლებელი განაჩენი გამოიტანოს იმის დასტურად, რომ ქვეყანაში არის დემოკრატია და სასამართლო არის თავისუფალი. ბუნებრივია, ამდენი ხნით, 1 თვეზე მეტით გადაიდო პროცესი. ბრალდებულის სიტყვა დარჩა მხოლოდ მოსასმენი და როგორც მოსამართლემ თქვა, სწორედ ამ დღეს, სავარაუდოდ, არსებითი განხილვაც დასრულდება,“ – განაცხადა ელისო კილაძემ.

ელისო კილაძის შვილს ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება. ხარშილაძე დანაშაულს არ აღიარებს და სამართალდამცველებს მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს. ის სასამართლომ გირაოს სანაცვლად გაათავისუფლა.

 

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....